ევროპის საბჭოს რეზოლუცია

ევროპის საბჭომ სამხრეთ კავკასიაში LGBT ადამიანების უფლებების დარღვევებზე რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სამხრეთ კავკასიაში ლგბტ თემის წარმომადგენელთა სავარაუდო უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

როგორც რეზოლუციაში წერია, საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ლგბტ თემის წევრთა მდგომარეობისა და იმ სავარაუდო უფლებადარღვევების გამო, რომელიც ამ ქვეყნებში გამოვლინდა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ზემოხსენებულმა ქვეყნებმა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სექსუალური მახასიათებლების საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად ეფექტური კანონმდებლობა უნდა მიიღონ და შესაბამისი პოლიტიკა გაატარონ.

ამასთან, ასამბლეა მიესალმება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პროგრესს, რომელიც კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით გამოიხატება. კერძოდ, საუბარია სექსრუალური ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვასა და სისხლის სამართლის კოდექსში ლგბტ-ფობიის დამამძიმებელ გარემოებად განხილვაზე. თუმცა, ასამბლეა მიიჩნევს, რომ გადაუჭრელი საკითხები კვლავ რჩება და ხაზს უსვამს, კანონმდელობის დონეზე მსგავსი ცვლილებების მნიშვნელობას.

გარდა ამისა, ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის კულტურული და რელიგიური ტრადიციები არ შეიძლება ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სექსუალური მახასიათებლების საფუძველზე დისკრიმინაციის გასამართლებლად გამოიყენებოდეს.

პარალელურად, ასამბლეა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მოუწოდებს:

  • უზრუნველყონ ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდასაჭერად საჯარო ღონისძიებების გამართვის უფლება, უზრუნველყონ პრაიდის მარშების უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეების დაცვა ნებისმიერი სახის ძალადობისგან;
  • ხელი შეუწყონ მედიისა და პარლამენტის წევრების ქცევის კოდექსების მიღებას, რათა არ მოხდეს ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის გამოყენება;
  • უზრუნველყონ მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება;
  • ეფექტურად გამოიძიონ ლგბტ პირების დევნისა და ძალადობის ფაქტები;
  • აწარმოონ ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებში;
  • სასამართლო და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს ჩაუტარონ სპეციფიკური და უწყვეტი ტრენინგი ლგბტ-ფობიური სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ.
  • ხელი შეუწყონ ომბუდსმენის და სხვა უფლებადამცველთა როლის გაძლიერებას.

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები