დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ენტონი ბლინკენი: 300 000-მდე ქართველი კვლავ დევნილია საკუთარი სახლიდან

ენტონი ბლინკენი
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ ილაპარაკა რუსეთის მიერ უკრაინაში დაგეგმილი შეჭრის შესახებ.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება, რის მაგალითადაც საქართველოს შემთხვევა და 2008 წლის აგვისტოს ომი მოიყვანა. 

"ეს ყველაფერი უკრაინასთან არ მთავრდება. ყველა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დამოუკიდებელი გახდა 1990-91 წლებში. მათ შორის ერთ-ერთია საქართველო. რუსეთი იქ 2008 წელს შეიჭრა. 13 წლის შემდეგ 300 000-მდე ქართველი კვლავ დევნილია საკუთარი სახლიდან. ასევე არის მოლდოვაც, სადაც რუსეთს ნების საწინააღმდეგოდ ჰყავს განლაგებული საკუთარი ჯარები. 

თუკი რუსეთი შეიჭრება და მოახდენს უკრაინის ოკუპირებას, რა იქნება შემდეგი? ცხადია, რომ რუსეთის მცდელობები, აქციოს თავისი მეზობელი სახელმწიფოები მარიონეტებად, გააკონტროლოს მათი ქმედებები, ჩაახშოს დემოკრატიის გამოხატულების ნებისმიერი ნაპერწკალი, გაიზრდება. 

როგორც კი უკუვაგდებთ სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპს, ჩვენ დავბრუნდებით მსოფლიოში, სადაც აღარ იარსებებს ის წესები, რომლებიც ერთად გამოვძერწეთ". – თქვა ენტონი ბლინკენმა. 

სახელმწიფო მდივანმა სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი ყველაფერში NATO-ს დადანაშაულებას ცდილობს, ფაქტია, რომ საქართველოსა და უკრაინაში არა NATO, არამედ რუსეთი შეიჭრა. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები