ჩინეთი

ჩინეთის მოსახლეობის ზრდის ტემპი შენელდა, ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა 

BBC

ჩინეთის დემოგრაფიული პრობლემა მწვავდება, 2021 წელს ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 0.034%-ით გაიზარდა, რაც 1960 წლის შემდეგ ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის მოსახლეობამ 2021 წელს 1.41 მილიარდი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 480 000-ით მეტია. 

ზრდის ტემპის მოსალოდნელზე სწრაფად შენელება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობასთან მიმართებით იკლებს, რაც მოსახლეობის დაბერების ტემპს აჩქარებს, რაც, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის შემცირების საფრთხეს აჩენს. 

ექსპერტების შეფასებით, დემოგრაფიული პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ ათწლეულების განმავლობაში დაწესებული რეგულაციებია, რომელიც ზღუდავს შობადობას, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი ე.წ. ერთი ბავშვის პოლიტიკაა. 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლების განმავლობაში ჩინეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას, რაც რიგი რეგულაციების გაუქმებაში და შობადობის წამახალისებელი პოლიტიკის გატარებაში გამოიხატება. 

სექტემბერში მთავრობამ არასამედიცინო მიზნით აბორტის შემზღუდავი კანონი მიიღო. გარდა ამისა, წყვილებს სამი შვილის ყოლის უფლებაც მიეცათ.
 
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩინეთში, დაახლოებით, 330 მილიონი აბორტი ჩატარდა, მათი მნიშვნელოვანი წილი კი შერჩევით აბორტზე მოდის, რის გამოც ქვეყანაში გენდერული დისბალანსია და კაცების რაოდენობა ქალებს 30 მილიონით აჭარბებს.

ამჟამად ჩინეთის მოსახლეობა 1.41 მილიარდია, ინდოეთის – 1.38 მილიარდი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შედარებით მაღალი შობადობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს.  
 

კომენტარები