უკრაინა

უკრაინაში ბეჭდური მედიის მხოლოდ რუსულ ენაზე გამოცემა აიკრძალა

უკრაინაში ბეჭდური მედიის მხოლოდ რუსულ ენაზე გამოცემა აიკრძალა. 16 იანვარს ძალაში შევიდა უკრაინულის, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ კანონის 25-ე მუხლი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცემულ ბეჭდურ მედიას ავალდებულებს სახელმწიფო ენაზეც გამოსცეს ტირაჟი.

კანონის მიხედვით, შეიძლება ბეჭდური მედიის უცხო ენაზე იმ პირობით გამოცემა, თუ უცხოენოვან ტირაჟთან ერთდროულად გამოიცემა ტირაჟი სახელმწიფო ენაზე. ყველა ენაზე ტირაჟი ერთ დღეს, ერთნაირი სათაურით, შინაარსით და მოცულობით უნდა გამოიცეს. გამოწერის სერვისის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე გამოცემული ვერსიის მიღების საშუალება.

უკრაინული გამოცემა УНИАН-ის ცნობით, გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინის მკვიდრი მოსახლეობის ენები, ინგლისური ენა და ევროკავშირის ოფიციალური ენები. რუსული ენა გამონაკლისების სიაში ვერ მოხვდა.

უკრაინულის, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ კანონი ძალაში 2019 წლის აპრილში შევიდა. კანონით უკრაინული ენის გამოყენება გახდა სავალდებულო ყველა სფეროში, მათ შორის კულტურის, მედიცინის და მომსახურების.

კომენტარები