მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ეთერში ჩართვის მოთხოვნით იმედთან მივიდა

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ეთერში ჩართვის მოთხოვნით ტელეკომპანია იმედთან მივიდა. ხაზარაძის განმარტებით, მზადაა ე.წ ფულის გათეთრების საქმის შესახებ ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტის ფარგლებში ყველა შეკითხვას პირდაპირ ეთერში უპასუხოს.

"სამი წლინ განმავლობაში არ მქონია შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ეთერში ნებისმიერი კრიტიკული კითხვისთვის გამეცა პასუხი, ამიტომ დღეს მე დავდე სტატუსი, მანამდე დავარეკინე ჩვენი საინფორმაცია სამსახურიდან იმედში,რომ მოვდივართ. წინასწარ ვუთხარით, რომ მოვალთ და მზად ვართ, იმ სიუჟეტის ფარგლებში პირდაპირ ეთერში იმედის მაყურებელს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.

ამომწურავი ინფორმაცია კი ის არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში, 21-ე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს ტელევიზია, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს აქვთ კარები ჩარაზული". – თქვა ხაზარაძემ.

12 იანვარს სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

კომენტარები