საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – იანვრის მთავარი კინოპრემიერები

Befunky

2022 წლის პირველ თვეს, მაყურებელს კინოთეატრებში დაუვიწყარი სანახაობა ელოდება. წარმოგიდგენთ იანვრის ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს.

King's Man/კინგსმენი

ჯაშუშური მძაფრსიუჟეტიანი ფრენჩაიზის მესამე ნაწილი. ახალ ფილმის მოქმედება მეოცე საუკუნის დასაწყისში ვითარდება, მთავარი გმირი, რომლის როლს რალფ ფაინსი ასრულებს პირველი კინგსმენი, ჰერცოგი ორლანდოა. მეთიუ ვონის ბლოკბასტერში ფაინსის გარდა ჯემა ატერტონი, რის აიფანსი, დენიელ ბული და ჯიმონ ჰონსუ თამაშობენ. ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 13 იანვარს გამოვა.

Madres Paralelas/პარალელური დედები

ესპანელი დიდოსტატის, პედრო ალმოდოვარის ახალი ნამუშევარი. ორი ქალის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს სამშობიაროში გაიცნობენ. მთავარ როლს ესპანელი რეჟისორის მუზა, პენელოპე კრუსი ასრულებს. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა, მოგვიანებით სურათმა ოქროს გლობუსის ნომინაცია მიიღო. 

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?

ალექსანდრე კობერიძის ფილმი ლიზას და გიორგის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, სიუჟეტი კი ქალაქ ქუთაისში ვითარდება. სამსახიობო გუნდის წევრები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე არიან. სურათმა, როგორც ქართველი ისე უცხოელი კინოკრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა და გავლენიანი კინოგამოცემის, IndieWire-ის საუკეთესო უცხოური ნამუშევრების ჩამონათვალში მოხვდა.

Licorice Pizza/ძირტკბილას პიცა

თანამედროვე ამერიკული კინოს უდიდესი რეჟისორის, პოლ ტომას ანდერსონის ახალი ნამუშევარი. ფილმის მოქმედება 70-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება. მთავარ როლებს პოპ ბენდ Haim-ის სოლისტი ალანა ჰეიმი და რეჟისორის აწ გარდაცვლილი მეგობრის, ფილიპ სეიმურ ჰოფმანის შვილი კუპერ ჰოფმანი ასრულებენ. ანდერსონის ახალი ნამუშევრის ნახვა კინომოყვარულებს 13 იანვრიდან შეეძლებათ.

Scream/კივილი

ლეგენდარული ჰორორის მეხუთე ინსტალაცია. საზარელი მკვლელობებიდან 25 წლის თავზე, პატარა ქალაქ ვუდსბოროში მოჩვენების ნიღბიანი მკვლელი კვლავ გამოჩნდა. ნაცნობ როლებს დაუბრუნდნენ ნივ კემპბელი, დევიდ არკეტი და კორტნი კოქსი. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს საქართველოს კინოთეატრები 13 იანვრიდან ელოდება.

The 355/აგენტი 355

ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი მსოფლიო ვარსკვლავებით არის დახუნძლული: ჯესიკა ჩესტეინი, პენელოპე კრუსი, ფენ ბინგბინგი, დაიან კრუგერი და ლუპიტა ნიონგო. ერთობლივი ძალებით ქალი ჯაშუშები მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას ცდილობენ. 

Nightmare Alley/საშინელებათა ხეივანი

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ოსკაროსანი გილერმო დელ ტორო მაყურებელს ფსიქოლოგიური ნეო-ნუარით უბრუნდება. კლასიკური ბესტსელერის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ბრედლი კუპერი, ქეით ბლანშეტი, ტონი კოლეტი და უილემ დეფო ასრულებენ. საშინელებათა ხეივანი საქართველოს კინოთეატრებში 20 იანვარს გამოდის.

Everything Went Fine / ყველაფერი კარგად დასრულდა

ფრანსუა ოზონის ახალი ნამუშევარი საქართველოს კინოთეატრებში ბრუნდება. სურათის ქართული პრემიერა ერთი თვის წინ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. დრამაში მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი სოფი მარსო ასრულებს. სურათი საქართველოს კინოგაქირავებაში 20 იანვარს ჩაეშვება.

კომენტარები