კორონავირუსი მსოფლიოში

ესპანეთის პრემიერმინისტრი ევროპას მოუწოდებს, კორონავირუსი ენდემურ დაავადებად განიხილონ

 ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ის გეგმავს, მოუწოდოს ევროპის ოფიციალურ პირებს, რომ COVID-19 განიხილონ ენდემურ დაავადებად - მარტივი სიმპტომებით სისტემატურად გავრცელებულ ვირუსად და შეცვალონ ის დეტალიზებული აღრიცხვის სისტემა, რომელსაც პანდემია საჭიროებს. 

პრემიერმინისტრის განმარტებით, სიკვდილიანობა დღეს კორონა ვირუსის გავრცელების დაწყებასთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა.

"კორონავირუსმა მიაღწია ევოლუციის იმ დონეს, როცა მისი სხვა პარამეტრებით გაზომვა შეგვიძლია". - აღნიშნავს სანჩესი. 

ესპანეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია უკვე ამუშავებს მონიტორინგის ახალ სისტემას, რომლის მიხედვითაც ყოველი ახალი ინფექციის აღნუსხვა და სიმპტომების მქონე ადამიანთა ტესტირებაც სავალდებულო აღარ იქნება. ესპანეთის პრემიერმინისტრის თქმით, მართალია, პროცესი ეტაპობრივად და ფრთხილად უნდა წარიმართოს, თუმცა საკითხზე მსჯელობის დაწყების დროა. 

ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაცია ისეთი ვირუსის, როგორიც კორონავირუსია, პანდემიიდან ენდემურზე ტრანზაქციისთვის აუცილებლად თვლის არა მის გაქრობას, არამედ გავრცელების სიხშირის შემცირებასა და თანმდევი სიმპტომების შესუსტებას. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ჩვეულებრივ გრიპად განხილვას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, რადგან,  მათივე განმარტებით, ომიკრონის გავრცელება ჯერ კიდევ არაა სტაბილური. 

"ისევ არსებობს დიდი გაურკვევლობა - ვირუსი, რომელიც სწრაფად იცვლება, ახალ გამოწვევებს გვიწესებს. ჩვენ ნამდვილად არ ვართ იმ ეტაპზე, რომ კორონავირუსი ენდემურ დაავადებად განვიხილოთ". - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

კომენტარები