არეულობა ყაზახეთში

ნოდია: 30 წელია, საქართველო პოლიტიკურად ყაზახეთზე თავისუფალი ქვეყანაა, ეს ხალხის "ბრალია"

ჩვენს ფეისბუქში ხან თვითგვემაა - "ყაზახებმა გვაჯობეს“ (ან "ყაზახებმაც კი გვაჯობეს“), ხან ვიღაცის დატუქსვა (ოღონდ არ აზუსტებენ, კონკრეტულად ვისი), რატომ ჰგონიათ თავი ყაზახებზე უკეთესიო.

ზოგადად "ჩვენ ყაზახებზე მაღლა ვდგავართ“ და "ყაზახები გვჯობიან“ - ორივე თანაბრად სისულელეა. მაგრამ რაღაც კონკრეტულ სფეროში ერთმა ერმა შეიძლება მეორეზე მეტს მიაღწიოს და ამის თქმა არ არის პრობლემა.

მაგალითად, მგონია, რომ იტალიელები ოპერის ხელოვნებაში ინგლისელებს ჯობნიან. მაგრამ პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობაში ინგლისელები მათზე ერთი თავით მაღლა დგანან. მგონია, რომ ქართველებს ესტონელებზე უფრო მაგარი კინო გვაქვს, მაგრამ დემოკრატია იმათ უკეთესი აქვთ. არც ერთ ამ ნათქვამში არაფერია "რასისტული" ან "ქედმაღლური".

ბოლო ოცდაათი წელია, საქართველო პოლიტიკურად უფრო თავისუფალი ქვეყანა იყო, ვიდრე ყაზახეთი და ასეთად რჩება. ეს ყველა ობიექტური საზომით ასეა და ამის თქმა არც ქართველისგანაა არასწორი, არც ყაზახისგან და არც ნორვეგიელისგან.

უფრო საჩოთიროა იმის აღიარება, რომ პოლიტიკური თავისუფლება, როგორც წესი, საზოგადოების კულტურასთანაა კავშირში; ამ აზრით, თუ ქვეყანა დემოკრატიული არის ან არ არის, ეს უპირველეს ყოვლისა, "ხალხის ბრალია“. ეს დემოკრატიის თეორიაში ნორმალური აზრია (წიგნების და სტატიების დასახელებას არ დავიწყებ).

თუ ჩვენ ყაზახეთთან შედარებით უფრო დემოკრატიული წყობა გვაქვს, ეს ჩვენი საზოგადოების "ბრალია“; მეორეს მხრივ, ის, რომ ჩვენ სულ მცირე მეოთხედი საუკუნეა ე.წ. „ჰიბრიდული რეჟიმის“ სტადიაზე "ვბუქსაობთ“, ხოლო, ვთქვათ, იმავე ესტონეთში დემოკრატიული ინსტიტუტები დიდი ხანია გამართულად მუშაობს, ესეც ჩვენს და მათ საზოგადოებებს შორის განსხვავების "ბრალია“. არც ერთ ამ გამოთქმაში არაფერი "რასისტული“ არ არის.

ოღონდ ამის აღნიშვნა მოწინავე ინტელექტუალებს შმუშვნას აწყებინებს, რადგან პოლიტკორექტულობის მოქმედ კატეხიზმოს ეწინააღმდეგება. მულტიკულტურალიზმის ეპოქაში "კულტურის“ სანკტიფიკაცია ხდება, რომელიმე კულტურაზე კრიტიკული რამის თქმა "რასიზმს“ უთანაბრდება. რაც სისულელეა.

მეც ვთვლი, რომ არ არსებობს ცალსახად "მაღალი" და "დაბალი" კულტურა, მაგრამ არსებობს განსხვავებული კულტურები. ამასთან, ზოგი კულტურა უფრო უწყობს ხელს ლიბერალურ წესრიგს, ზოგი - არა. ზოგში უფრო გამოდის კარგი ოპერა ან კინო, სხვაში შეიძლება ნაკლებად. თუ ასეა, ამის ხმამაღლა თქმასაც არა უშავს.

თავის ხელისუფლებაზე სამართლიანად გაბრაზებულ ყაზახებს ვუსურვებ, მათ ამბოხს მათი ქვეყნისთვის წარმატება მოეტანოს. მაგრამ თუ მე ან ვინმე სხვა ამაზე რამე სკეპტიკურს ვიტყვით (მაგალითად, იმას, რომ ასეთმა ამბოხმა შეიძლება მეტი თავისუფლება არც მოიტანოს), ნურავინ დამაბრალებს, რომ, როგორც ქართველი, თავს ყაზახებზე მაღლა ვაყენებ.

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე ყაზახეთში მიმდინარე არეულობის შესახებ.

კომენტარები