დავითგარეჯის საქმე

პროკურორი დავითგარეჯის საქმეზე: ვისაც შემხებლობა აქვს დაიკითხება, შეიძლება, სააკაშვილიც

World Bank/Roxana Bravo

ჟურნალისტის კითხვაზე, დაკითხავენ თუ არა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე, პროკურორი მიხეილ სანდრაძე ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

"გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველა პირი, სახელებს და გვარებს არ ვასახელებ, ვისაც რაიმე შემხებლობა ექნება ამ საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაიკითხება და შესაძლებელია, ეს იყოს მიხეილ სააკაშვილიც, ბუნებრივია, თუ მას შემხებლობა ექნება და ეცოდინება არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია". - თქვა პროკურორმა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა. GDI-ის ცნობით, რომელიც მელაშვილისა და ილიჩოვას უფლებებს იცავს, პროცესი 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები