ირანი

თუ ტრამპს სოლეიმანის მკვლელობისთვის არ გაასამართლებენ, ირანი შურისძიებით იმუქრება

ყუდსის ძალების გენერალი, ყასემ სოლეიმანი

3 იანვარს ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ყუდსის ძალების გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან 2 წლისთავზე იმუქრება, რომ თუ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სოლეიმანის მკვლელობისთვის არ გაასამართლებენ, მუსლიმები შურს იძიებენ.

"თუ ტრამპი და პომპეო სამართლიან სასამართლოზე არ იქნებიან გასამართლებული გენერალი სოლეიმანის მკვლელობის კრიმინალური ქმედებისთვის, ჩვენი წამებულისთვის მუსლიმები იძიებენ შურს", – თქვა ებრაჰიმ რაისიმ. 

ირანსა და ერაყში, თეირანის მარიონეტული ძალების მიერ ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან 2 წლისთავზე მსვლელობები ჩატარდა, რათა ყუდსის ძალების გენერლისთვის პატივი მიეგოთ.

რაისის სიტყვით გამოსვლამდე, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული, ჩამოაგდეს ორი დრონი, რომლებიც თავდასხმას აპირებდნენ.

ირანული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ირანმა გაერო-ს მიმართა წერილით, რომელშიც ითხოვდნენ საქმე აღეძრათ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ, ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით. თეირანში მიიჩნევენ, რომ ყუდსის ძალების გენერალზე თავდასხმაში ისრაელიც მონაწილეობდა.

2020 წლის 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტთან ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სპეციალური ელიტური დანაყოფის, ყუდსის ძალების გენერალი, ყასემ სოლეიმანი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, სარაკეტო თავდასხმით მოკლეს. მასთან ერთად მოკვდა ერაყის პროირანული შეიარაღებული ჯგუფის ლეიტენანტი, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი. ტრამპის ბრძანება ერაყში აშშ-ს ობიექტებზე თავდასხმებს მოჰყვა. ამერიკულმა მხარემ საკუთარი ქმედება თავდაცვად გამოაცხადა.

სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთში ირანის მთავარ სამხედრო სტრატეგოსად მიიჩნეოდა. მისმა მკვლელობამ აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

ირანსა და ერაყში ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით გაცემულია დონალდ ტრამპის დაკავების ბრძანებები.

კომენტარები