დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორიდან თელ-ავივისკენ რაკეტები ისროლეს, ისრაელმა კონტრიერიში მიიტანა

ისრაელის იერიში ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთში, 2022 წლის 2 იანვარი
The Times of Israel

კვირას, 2 იანვარს, ღაზის სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით პალესტინურმა დაჯგუფებებმა ორი რაკეტა ისროლეს, რის პასუხადაც, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზაში იერიში მიიტანეს.

IDF-ის ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები ხან იუნისში თავს დაესხნენ და გაანადგურეს დაჯგუფება ჰამასის რაკეტების საწარმო. ასევე, ისრაელის ტანკებმა ღაზის სასაზღვრო ზონაში ცეცხლი გაუხსნეს ჰამასის სამხედრო პოსტებს. 

მედიის ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მიმართულებით ჰამასის მებრძოლებმა ანტისაჰაერო დანადგარები გამოიყენეს და ორი რაკეტა ესროლეს, თუმცა მათ მიზანს ვერ მოახვედრეს.

ებრაული მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებში მიიჩნევენ, რომ სარაკეტო იერიში არა ჰამასმა, არამედ შედარებით პატარა პალესტინურმა დაჯგუფებამ, ისლამურმა ჯიჰადმა განახორციელა. Kan News-ის ინფორმაციით, ჰამასმა ისრაელს ეგვიპტის შუამავლობით გადასცა, რომ ისინი იერიშზე პასუხისმგებლები არ ყოფილან.

ღაზაში არსებული შეირაღებული ჯგუფები იერიშის შემდეგ ამბობდნენ, რომ მათ რაკეტები თელ-ავივის მიმართულებით განზრახ არ უსვრიათ და ეს შემთხვევა ცუდი ამინდის გამო მოხდა. ცნობების მიხედვით, ერთი რაკეტა ზღვაში აფეთქდა, მეორე კი სანაპიროზე, დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა.

მედიის ცნობებით, ისრაელმა შუამავალ ეგვიპტეს შეატყობინა, რომ მსგავსი შემთხვევები დაუშვებელია, თუნდაც ეს მართლა შემთხვევითობა ყოფილიყო.

2021 წლის მაისში პალესტინური ანკლავის, ღაზის სექტორის მმართველმაი დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით ინტენსიური სარაკეტო იერიშები წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ალ-აკსას მეჩეთთან შეტაკებები მოხდა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ისროლეს 3000-ზე მეტი რაკეტა, რომელთა უმეტესობაც საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათმა უვნებელყო. ჰამასის თავდასხმებს პასუხად ახლდა ისრაელის კონტრიერიშებიც. 11-დღიანი კონფლიქტის შემდეგ, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ეგვიპტის შუამავლობით გაფორმდა.

კომენტარები