სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ხანძრის შედეგად სახურავი ჩამოინგრა, სხდომათა დარბაზი ჩაიხერგა

CNN

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სახურავი ჩამოინგრა, ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზი კი ჩაიხერგა. 

ათობით მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის ლოკალიზება გვიან შუადღემდე ვერ შეძლეს.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ცნობები ხანძრის შედეგად დაშავებულების, ან გარდაცვლილების შესახებ. 

"მთელი საპარლამენტო კომპლექსი მძიმედაა დაზიანებული, დატბორილი და გაკვამლულია. ძველი ასამბლეის დარბაზის სახურავი სრულადაა ჩამონგრეული და მიმდებარე ოფისები და დარბაზი განადგურებულია. ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზი ჩახერგილია, სტრუქტურული ჭერი ჩამოინგრა და საჭირო გახდა, მომენტალურად გამოგვეყვანა მეხანძრე-მაშველები". – თქვა ჯეი პი სმითმა, კეიპტაუნის მერიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების კომიტეტის წევრმა პრესკონფერენციაზე. 

სმითის ცნობითვე, სახანძრო განგაში გამართულად არ მუშაობდა, რადგან მეხანძრეები ადგილზე იქამდე მივიდნენ, სანამ სისტემა განგაშის ზარს ჩართავდა. 

სამხრეთ აფრიკის პარლამენტის განცხადებით, ცეცხლის გაჩერება შეაჩერეს კომპლექსის ძველ ნაწილში, თუმცა, ლოკალიზება ვერ მოხდა ახალ კორპუსებში, სადაც ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზი, პარლამენტის ქვედა პალატა მდებარეობს. 

საჯარო სამსახურისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, პატრიშა დე ლილმა პარლამენტთან ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჯერჯერობით დაშავების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. 

"ჩვენი დემოკრატიისთვის ეს ძალიან სევდიანი დღეა, რადგან პარლამენტი ჩვენი დემოკრატიის სახლია და ამავდროულად, ის სტრატეგიულ საკვანძო ადგილს წარმოადგენს". – თქვა დე ლილმა. 

ხანძარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტში 2 იანვრის დილით გაჩნდა

კეიპტაუნში მდებარე პარლამენტის შენობა სამი ძირითადი კორპუსისგან შედგება, რომელთაგანაც ყველაზე ადრინდელი 1884 წლით თარიღდება. გვიანდელი კორპუსები კი 1920-იან და 80-იან წლებში აშენდა. 

კომენტარები