საქართველო-რუსეთი

რუდენკო: საქართველოს NATO-ში შესვლა და მათი საიერიშო იარაღის განლაგება ჩვენთვის წითელი ხაზია

ანდრეი რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს მათთვის წითელი ხაზი იქნება.

"როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოაცხადა, საქართველოს NATO-ში შესვლა და მათ ტერიტორიაზე საიერიშო სისტემების შეიარაღების განთავსება ჩვენთვის "წითელი ხაზია", ვინაიდან ასეთი ქმედებები სამხრეთ კავკასიაში ძირფესვიანად შეცვლის ძალების სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს და უშუალო საფრთხეს შეუქმნის რუსეთსა და მის მოკავშირეებს რეგიონში", – თქვა რუდენკომ. 

რუდენკოს თქმით, რეგიონში უსაფრთხოების შექმნა "გზას გაუხსნის" საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებს შორის "ურთიერთობის დარეგულირებას".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ავიამიმოსვლის გახსნასაც შეეხო, რაზე საუბრის დროსაც გავრილოვის ღამე გაიხსენა და ამ მოვლენებს "ქართველი რადიკალების პროვოკაცია" უწოდა. მისი თქმით, 2019 წელს დაწესებული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა დროებითი სახისაა, რომლის მოხსნისთვისაც გასათვალისწინებელია პოლიტიკური და ეპიდემიური ფაქტორები.


17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

კრემლის ამ პირობებს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ "მხოლოდ უკრაინასა და NATO-ს წევრებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი ურთიერთობების შემდეგი განვითარების ვექტორი, მათ შორის, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი". 

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს ასევე სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

კომენტარები