ავტოსაგზაო შემთხვევა

ჟინვალთან ავტოავარიის შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ჟინვალთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი, მესამე ადამიანი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ დუშეთის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ქეთევან გვენცაძემ მთავარ არხთან საუბრისას თქვა.

"6 უცხოეთის მოქალაქე შემოიყვანეს ჩვენთან, აქედან ერთი გულ-მკერდის მძიმე ჭრილობით შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ორს აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები და ჭრილობები. ისინი გადავიყვანეთ ინგოროყვას კლინიკაში. ადგილზე რჩებიან 2 არასრულწლოვანი და მამა". – თქვა გვენცაძემ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო მონაკვეთზე, ჟინვალთან გზიდან მიკროავტობუსი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები