პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

ბოკერია: კარგი ადამიანებიც, რთულ ვითარებაში სასოწარკვეთაში ვარდებიან და ხავსს ეჭიდებიან

ჩვენ ჩემი აზრით ვართ უფსკრულის პირას და ამ ამბის შემოტრიალებას სჭირდება საზოგადოებაში ცვლილებები, რომ გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე, ხარისხი და შრე, რომელიც წნეხს მოახდენს ივანიშვილის რეჟიმზე და აიძულებს მას, ეს კურსი შეცვალოს ქვეყნის შიგნით და გარეთ. ეს პროცესი ამ ვითარების განმუხტვამდე ვერ და არ მივა. 

მე მგონია, რომ ზოგადად ადამიანები, ზოგჯერ, კარგი ადამიანებიც, როცა რთული ვითარებაა სასოწარკვეთაში ვარდებიან და უნდათ, რომ ხავსს მოეჭიდონ, მედიაშიც ვხედავ ამას, არის სათაურები - დიდი პროცესის დასაწყისი და ყველა ელოდება, როგორ გადაწყდება. შემდეგ არის ხოლმე დიდი იმედგაცრუებები.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა. 

სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა.

კომენტარები