საქართველოს საპატრიარქო

ზურაბიშვილი ილია II-ს: ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას მოველით

თქვენო უწმინდესობავ, სრულიად საქართველოს ვულოცავ თქვენი აღსაყდრების დღეს! 

თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განუხომელია. თქვენ შეძელით, ძნელბედობის ჟამს შეგენარჩუნებინათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ერთიანობა და ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას დღემდე უდიდესი ერთგულებით ატარებთ. 

დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისგან მოელის ხალხისთვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას. სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. 

საქართველოს თქვენი სახით ჰყავს ქრისტიანული და კავკასიური ზნეობის ბურჯი და სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს უდიდეს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით. 

ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას ერისა და ქვეყნის მშვიდობის, ერთიანობისთვის ლოცვაში. 

წერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ილია II-სთვის გაგზავნილ წერილში. 

კომენტარები