აშშ-რუსეთი

აშშ მზადაა ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში, რომელიც ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინირებული იქნება

ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველთან, იური უშაკოვთან.

სალივანმა საუბრის დროს გამოხატა, რომ აშშ მზადაა ჩაერთოს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში სხვადსხვა გზებით, ორმხრივი ჩართულობის, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ჩათვლით.

ბაიდენის მრჩეველმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ დიალოგი უნდა ეყრდნობოდეს ორმხრივობას, უნდა პასუხობდეს აშშ-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებების მიმართ და უნდა იყოს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრულად კოორდინირებული. მან ასევე დაამატა, რომ საგრძნობი პროგრესი მიიღწევა მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებში. 

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

კომენტარები