საქართველო-სომხეთი

ფაშინიანი: ძალისხმევას სომხეთ-საქართველოს უკეთეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მივმართავთ

ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი

20 დეკემბერს თბილისში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. სომხეთის პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს და სომხეთის მთავრობები ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მიმართავენ.

"ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მივმართავთ." – თქვა ფაშინიანმა.

ლიდერებმა ჯერ დახურული შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის მიზანი ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაა. სხდომაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. უნდა განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის." – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია რეგიონში სტაბილურობით და მზადაა ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ეკონომიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სხვა სფეროებს. საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე." – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის შორის ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.

კომენტარები