NATO-რუსეთი

"NATO-ს 2 გზა აქვს: ჩვენს შეთავაზებაზე სერიოზული მიდგომა, ან სამხედრო ალტერნატივა" – გრუშკო

ალექსანდრ გრუშკო

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო ამბობს, რომ NATO-ს ორი გზა აქვს და ალიანსს საპასუხო საფრთხის შექმნით ემუქრება

გრუშკოს თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სერიოზულად უნდა მოეკიდოს რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტს. 

"მათ (NATO-ს ქვეყნებს) ორი გზა აქვთ. პირველი, სერიოზულად მოეკიდონ იმას, რაც განხილვის მაგიდაზე დავდეთ, ან ჰქონდეთ საქმე სამხედრო-ტექნიკურ ალტერნატივასთან", – თქვა გრუშკომ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე NATO-ს საპასუხო საფრთხეებით დაემუქრა.

"ჩვენ სწორედ ის გვინდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის, რათა სამხედრო, ან სამხედრო-ტექნიკური სცენარი გადავიყვანოთ კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც რეალურად გაამაყრებს სამხედრო უსაფრთხოებას... ეუთო-ს, ევროატლანტიკისა და ევრაზიის ქვეყნებში. და თუ ეს არ გამოვა, მაშინ ჩვენც გადავალთ ამ საპასუხო საფრთხეების შექმნის რეჟიმზე, მაგრამ ამ დროს უკვე გვიანი იქნება იმის კითხვა, თუ რატომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილებები, რატომ განვათავსეთ მსგავსი სისტემები", – დაემუქრა გრუშკო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

კომენტარები