ჯანდაცვის სამინისტრო

ცერცვაძე: თალაკვაძეს აქვს ბევრი თვისება, რომელიც ძალიან გამოადგება ჯანდაცვის სამინისტროს

"ამ ეტაპზე, მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, [ჯანდაცვის მინისტრის დანიშვნაზე] გავაკეთებდი არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ, რადგან არჩილს ბევრი ღირსება აქვს". - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის შესაძლო კანდიდატურაზე საუბრისას თქვა. 

მისი თქმით, თავად კონსულტაციებში არ მონაწილეობს და მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

"ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ინსტანცია აქვს გამოვლილი, ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში, ის კარგად ფლობს თანამედროვე მიმართულებებს მედიცინაში. მისთვის დამახასიათებელია ინოვაციური მიდგომებისადმი ნიჭი და თავის დროზე ეს ყველაზე წარმატებულ პროგრამას, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სტიმული მისცა მისმა ინოვაციამ, როცა საპატიმროებში დაამუშავა ჩვენთან ერთად პროგრამა და დანერგა ცე ჰეპატიტის უფასო პროგრამა, რომელსაც გზა მისცა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა. შემდეგ ეს გადაიზარდა გრანდიოზულ, უპრეცენდენტო პროგრამაში, რომელმაც განკურნა 75 000 ადამიანი. ასე რომ, ბატონ არჩილს ძალიან ბევრი ის თვისება აქვს, რომელიც, ვფიქრობ, დღევანდელ ძალიან რთულ პერიოდში ძალიან გამოადგება ჯანდაცვის სამინისტროს. მე ვუჭერ მას ყველანაირად მხარს. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიცი, რომ ის იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს". - ამბობს ცერცვაძე. 

რაც შეეხება ექიმ ლევან რატიანის კანდიდატურას, ცერცვაძის შეფასებით, "ის არის ძალიან კარგი ექიმი და დღეს ქვეყანას ის სჭირდება იქ, სადაც არის". 

"რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როცა ვამბობ, რომ ის მზად არ არის, ვგულისხმობ, რომ ის არის ძალიან კარგი ექიმი და დღეს ქვეყანას ის სჭირდება იქ, სადაც არის, რადგან ძალიან სერიოზული სეგმენტი უკავია კოვიდთან მუშაობის. ძალიან ახალგაზრდაა და მინისტრობაც და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. ასე რომ, ის კარგი კანდიდატურაა, ჩემი მეგობარია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, გავაკეთებდი არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ". - ამბობს ცერცვაძე. 

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ტიკარაძის თქმით, ის რჩება მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრად და ჯანდაცვის სფეროსთვის მუშაობას ამ პლატფორმიდან გააგრძელებს. 

ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. თუმცა, ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა.

კომენტარები