ბელარუსი

ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

სვეტლანა ტიხანოვსკაია/სერგეი ტიხანოვსკი

ბელარუსის სასამართლომ ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკიას ქმარს, სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას სამთავრობო მედია ბელტა ავრცელებს. 

სასამართლო დახურულ რეჟიმში გაიმართა. ტიხანოვსკისთან ერთად გაასამართლეს კიდევ 5 ადამიანი, მათ 14-იდან 16 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

განაჩენის გამოტანამდე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თქვა, რომ მისი აზრით სერგეის 15 წელზე მეტს მიუსჯიდნენ.

"ამ ეგრეთ წოდებულ "განაჩენზე" საუბრისას საკუთარ თავს მხოლოდ ერთს ვკითხავ: რას გავაკეთებ მე? მე გავაგრძელებ იმ ადამიანის დაცვას, რომელიც მიყვარს და რომელიც მილიონობით ბელარუსისთვის ლიდერი გახდა. შევეცდები გავაკეთო რაღაც ძალიან რთული და შეიძლება შეუძლებელიც, რათა მივუახლოვდე იმ მომენტს როცა ერთმანეთს ახალ ბელარუსში შევხვდებით. გავაგრძელებ მისთვის ღია ბარათების და შვილების ნახატების გაგზავნას, რათა როცა შევხვდებით, მათგან სამახსოვრო ალბომი გავაკეთოთ" - თქვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

სერგეი ტიხანოვსკის ბრალი ედებოდა მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, ჯგუფურ მოქმედებებში, რომლებიც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ხელისუფლების წარმომადგენლების და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ საზოგადოებრივი შუღლის გაღვივებაში და წარსულში ბელარუსის ცესკოს ხელმძღვანელის ლიდია ერმოშინაზე მუქარისთვის. გამოძიების ვერსიით, ტიხანოვსკიმ და მისმა თანამზრახველებმა მოაწყვეს არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების პროვოცირება.

სერგეი ტიხანოვსკიმ 2019 წელს დაიწყო YouTube ბლოგის ქვეყანა სიცოცხლისთვის გაკეთება. თავის გადაცემაში ის აკრიტიკებდა ბელარუსის ხელისუფლებას, წერდა ინტერვიუებს პატარა ქალაქებში მცხოვრებლებთან და ოპოზიციონერ აქტივისტებთან. ბლოგი საკმაოდ პოპულარული გახდა და 2020 წელს ტიხანოვსკიმ გამოაცხადა, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. ბელარუსის ცესკომ ის არ დაარეგისტრირა. მის ნაცვლად პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა მისი ცოლი სვეტლანა. სერგეი კი ცოლის საინიციატივო გუნდის ხელმძღვანელი გახდა. 2020 წლის მაისში ხელმოწერების შეგროვებისთვის მოწყობილ პიკეტზე სერგეი ტიხანოვსკი დააკავეს.

2020 წლის აგვისტოში ტიხანოვსკაია საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო. ბელარუსის ცესკო-ს მონაცემებით მან ხმების 10% მოიპოვა და ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დამარცხდა. ტიხანოვსკაიამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკური წნეხის გამო მან ქვეყანა დატოვა. სვეტლანა ახლა ლიტვაშია და განაგრძობს პოლიტიკურ მოღვაწეობას. ბელარუსის დატოვების შემდეგ ის სხვადასხვა დასავლელ ლიდერს შეხვდა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

კომენტარები