ბელარუსი

"ქართველებო, იყავით ფხიზლად" – ინტერვიუ ბელარუს ოპოზიციონერთან

ბელარუსი

"ქართველებო, იყავით ფხიზლად" – ინტერვიუ ბელარუს ოპოზიციონერთან

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და ხალხი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა და ლუკაშენკოს გამარჯვებას არ აღიარებდა. პროტესტს ლუკაშენკომ რეპრესიებით უპასუხა. ქვეყნის დატოვება მოუწია ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას. ის ახლა ლიტვაშია. ტაბულა ტიხანოვსკაიას გუნდის წევრს, ანატოლი ლებედკოს ბელარუსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. ანატოლი ლებედკო ბელარუსის ერთიანი სამოქალაქო პარტიის ყოფილი თავმჯდომარეა. 1990-იანი წლების ბოლოდან ის ლუკაშენკოს რეჟიმის აქტიური კრიტიკოსი და ოპოზიციონერია. თავისი პოლიტიკური საქმიანობის გამო რეჟიმი მას წლების განმავლობაში დევნიდა.

ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქალაქ ბრესტში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, 2020 წლის 2 აგვისტო/ ფოტო: Sergei Grits/AP

თქვენ სვეტლანა ტიხანოვსკაიას გუნდის წევრი ხართ, მისი წარმომადგენელი საპარლამენტო და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებში. თქვენი ვიზიტი საქართველოში ამ სამუშაო მიმართულებასთან არის დაკავშირებული?

დიახ, ეს ორი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც პასუხს ვაგებ. ამიტომ ასეთი ვიზიტების დროს ვცდილობ ორივე საკითხებზე მქონდეს კონტაქტები და კომუნიკაცია. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ახალი ბელარუსის კონსტიტუციის პროექტი. და ჩვენთვის, სვეტლანას გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვუპასუხოთ არა მხოლოდ დღევანდელ გამოწვევებს, არამედ ვიფიქროთ მომავალზე. ლუკაშენკო დღეს არა და ხვალ წავა და დადგება კითხვა, როგორი უნდა იყოს ახალი ბელარუსი. ამიტომ გუნდი ამზადებს პასუხს ამ ფუნდამენტურ კითხვაზე. მეორე მიმართულება არის საპარლამენტო თანამშრომლობა. ჯერჯერობით არა სრულად და არასაკმარისად ვიყენებთ ამ რესურს, იმისთვის რომ ვიმოქმედოთ მდგომარეობაზე ქვეყნის შიგნით.

მე თვითონ ვიყავი ბელარუსის ნამდვილი, არჩეული პარლამენტის წევრი. 1996 ჩვენთან მოხდა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება - ლუკაშენკომ დაშალა პარლამენტი. მე მაქვს წარმოდგენა, როგორ უნდა იმუშაოს ნამდვილმა პარლამენტმა. ჩვენი ამოცანაა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც მხარს დაუჭერენ დემოკრატიულ ბელარუსს. მეორე ნაბიჯია გავაერთიანოთ ეს ჯგუფები ერთ საერთო ევრო-ატლანტიკურ ქსელში და გვქონდეს ბელარუსის დღის წესრიგი. სტრატეგიული ამოცანაა შევინარჩუნოთ ბელარუსის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ეს ყოველთვის რთულია, რადგან ბელარუსი არ არის პრიორიტეტი ქვეყნების უმრავლესობისთვის.

თქვენ თქვით, რომ დღეს ან ხვალ ლუკაშენკო წავა და ის აღარ იქნება ძალაუფლებაში. ანუ თქვენ ხედავთ რეჟიმის ბოლოს. როგორ წარმოდგიდგენიათ, როგორ შეიძლება აქამდე მისვლა?

ასეთი განცხადებებისთვის არსებობს ობიექტური მიზეზები. ჩვენ ლუკაშენკოს ოპოზიციაში დიდი ხანია ვართ, პირადად მე. 1996 წელს ქვეყანაში რაღაც დროის განმავლობაში იყო ძალაუფლების რეალური დანაწილება. ერთი მხრიდან პარლამენტი, უმაღლესი საბჭო და საკონსტიტუციო სასამართლო და მეორე მხრიდან ლუკაშენკო. რატომ დავმარცხდით მაშინ? მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ხალხის უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკომ სახელმწიფო გადატრიალება ჩაიდინა, მის მიმართ სიმპათიებით იყო განწყობილი, ისინი მას მხარს უჭერდნენ. მას ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი - შიდა ლეგიტიმურობა. ეს არის ნდობა, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულ მომენტში ხალხი არ მივიდა პარლამენტის დასაცავად. ისინი დღეს ამბობენ, რომ ეს იყო ჩვენი საერთო შეცდომა.

დემონსტრანტები ტარაკანის მოდელით, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს სიმბოლოა, 2020 წლის 30 აგვისტო/ ფოტო: AP

დღეს ლუკაშენკოს არ აქვს შიდა ლეგიტიმურობა, არ აქვს ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. ლუკაშენკო აგებს ყველა საარჩევნო კამპანიას, მისით იმედგაცრუებულია ხალხის დიდი უმეტესობა. სწორედ ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის წყარო. ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ძალადობის დახმარებით, სამხედროების დახმარებით შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნება ერთი თვით ან ერთი წლით, არის უფრო ხანგრძლივი შემთხვევებიც, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. გარემო და ამასთან ერთად ხალხის განწყობა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ამიტომ ძალიან აქტიურად ვმუშაობ მომავალი დღის დღის წესრიგზე. გვესმის, როცა ლუკაშენკო ხელისუფლებიდან წავა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. წასვლის შემდეგ ლუკაშენკო ტოვებს სისტემას და საჭიროა, არა მხოლოდ იმ ადამიანების გვარების შეცვლა, რომლებიც 28 წელია ხელისუფლებაში არიან, ამ სისტემაში არიან, არამედ თვითონ სისტემის შეცვლაც. თუ ამას არ გავაკეთებთ, ძველ სისტემაში ახალი ადამიანების მოსვლის შემდეგაც ვრისკავთ, დავუბრუნდეთ იმას, რაც გამოვიარეთ.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან უკვე წელიწადზე მეტია გასული, როგორ შეიცვალა მდგომარეობა ბელარუსში?

გასული წლის რევოლუციის მოვლენებამდე, ჩვენ ვეცოდებოდით, ახლა პატივს გვცემენ. მართლაც, ბელარუსებმა შეძლეს შეუძლებელი. ეს იყო სენსაცია ყველასთვის, ჩემთვისაც, ადამიანისთვის, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკითაა დაკავებული. არც ერთი ანალიტიკური ცენტრი არ წინასწარმეტყველებდა, რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში. ბევრ საკითხში ეს რევოლუცია მოაწყო ლუკაშენკომ თავისი მოქმედებით თუ უმოქმედობით და ხალხთან, მოქალაქესთან დამოკიდებულებით. როცა ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მათ ჰქონდათ სწრაფი გამარჯვების, სწრაფი შედეგების მოლოდინი.

დემონსტრანტი საპროტესტო აქციაზე მინსკში, 2020 წლის 16 აგვისტო/ ფოტო: Sergei Gapon/AFP

ბევრმა მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება, რომ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია პოლიტპატიმრები არიან. მათ ხელახლა დაიწყეს ქვეყნის, ჩვენ კი ამ ხალხის აღმოჩენა, მათ დაიწყეს ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის აღმოჩენა. ბევრისთვის ახლა მდგომარეობა ძალიან რთულია. პირველ რიგში დაკავშირებული ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. ხალხი ელოდა სწრაფ გამარჯვებას, გამარჯვება კი არ მოდის, ის მოითხოვს მსხვერპლს, სხვაგვარ დამოკიდებულებასა და მოთმინებას. ეს არ არის სპრინტი, ეს აღმოჩნდა პოლიტიკური მარათონი და ჩვენ ის უნდა გავიაროთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ვინც ეს უკვე გაიაზრეს, ეს ყველა დანარჩენს აუხსნან, მხარში ამოუდგნენ ამ ხალხს. ჩვენ ახლა რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი გვყავს. ეს უდიდესი რაოდენობაა და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, ფსიქოთერაპია. ვფიქრობ, სვეტლანა ტიხანოვსკაია და მისი გუნდი ცდილობს ამ ფუნქციის შესრულებას. ვფიქრობ, მე რასაც ვაკეთებ ესეც ქმნის გარკვეულ პოზიტივს, ფსიქოლოგიური რესურს ხალხისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყო ნეგატიურ დღის წესრიგში. მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას დაკავებებზე, ცემაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. ადამიანებს უნდა მივცეთ რაღაც პოზიტიური, რათა ხედავდნენ, რატომ უნდა დაიტანჯონ ახლა და რატომ უნდა მოითმინონ ახლა.

თქვენ დიდი ხანია ბელარუსის ოპოზიციაში ხართ, ეწინააღმდეგებით ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს, 2020 წლამდე ბელარუსში მის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბის სახალხო პროტესტი არ დაწყებულა, როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის ბიძგი?

ბელარუსში პროტესტი ადრეც იყო, მაგრამ პროტესტის ასეთი გაქანება ბელარუსის ისტორიას არ ახსოვს. შეიძლება რაღაც პარალელები გავლება 90-იანებს დასაწყისთან, როცა ინგრეოდა საბჭოთა კავშირი და ხალხს გაუჩნდა შესაძლებლობა არ ეჩურჩულათ სამზარეულოში და ელაპარაკათ ხმამაღლა.

რა გახდა მიზეზი? პირველი, ალბათ ეს იყო იმედგაცრუება იმ პოლიტიკით, რომელსაც ლუკაშენკო ატარებს. უმეტესობამ გაიგო, რომ ეს არის დიდი ჩიხი, რომელსაც იდეოლოგიური ლოზუნგებით ალამაზებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს სისტემა გახდა მიუღებელი ხალხისთვის. სისტემა არ აძლევს ხალხს განვითარების საშუალებას, ყველაფერს თრგუნავს. ეს არის ტოტალური კონტროლის სისტემა. ლუკაშენკოს მმართველობის მოდელია დააყენოს 9 350 000 ადამიანი ერთ მწკრივად თავის რეზიდენციასთან, მოაწყოს რაღაც პატარა დღესასწაულები, გამოვიდეს, საჩუქრების შოუ მოაწყოს -  მეფე არიგებს კანფეტებს! ამასთანავე, სურს, ხალხი მადლიერი იყოს რომ კანფეტებს ის თავისი ხელით არიგებს. ხალხს ეს პატერნალისტური სისტემა არ მოსწონდა. ადამიანს სურს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა. ლუკაშენკოს სისტემაში ხალხს გაუჩნდა შეგრძნება, რომ შეუძლებელია სუნთქვა, შეუძლებელია განვითარება.

აქცია მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე, 2020 წლის 20 აგვისტო/ფოტო: Sergei Gapon/AFP

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ფაქტორი იყო კორონავირუსის პანდემიაზე ლუკაშენკოს რეაგირება. ის ცდილობდა ეს წარუმატებელ ხუმრობად გადაექცია, რომ კორონავირუსის მკურნალობა შეიძლება თეთრი თხებით, აბანოთი, არყით, ტრაქტორზე სიარულით. ხანდახან მას თავად არ ესმის სად თქვა სიცრუე და სად სიმართლე. მრავალი ადამიანი დაიღუპა, მრავალი პირისპირ შეეჯახა პანდემიას, შემდეგ კი შეხედეს ოფიციალურ მონაცემებს, რომ ბელარუსში ათიათასობით ნაკლები მსხვერპლია ვიდრე სხვა ქვეყნებში. ადამიანები გამოვიდნენ და დადგნენ სიცრუის, უსამართლობის წინააღმდეგ. 

აღსანიშნავია ლუკაშენკოთი ფსიქოლოგიური გადაღლაც. როცა ტელევიზიით 24 საათი ხედავ ერთ სახეს, ერთ ულვაშს, უბრალოდ იღლები. ხალხი პოზიტივისგანაც იღლება. ხალხის სურს შეცვალოს სურათი, მიიღოს ცვლილებები. ამ ფსიქოლოგიურმა ფაქტორმაც ითამაშა დიდი როლი.

რა თქმა უნდა, ეკონომიკის ფაქტორი: ეკონომიკაში არაფერია სასიხარულო. ბელარუსში ხელფასები მიზერულია. ბოლო მონაცემებით ჩვენ გვედრებოდა მეომარი უკრაინა, ყველაზე ღარიბი მოლდოვა. ისევ და ისევ, ოფიციალური რიცხვები ერთია, მაგრამ ხალხი ცხოვრობს სულ სხვა პირობებში. ბოლო დროს ჩავარდნები ეკონომიკაში ადამიანთა უმრავლესობისთვის ძალიან რთული გახდა და ეს ასევე იყო ფაქტორი, რომელსაც მიჰყავდა ხალხი უკმაყოფილებისკენ. მთლიანობაში, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ხალხი გამოვიდა, ხალხი აღდგა.

ლუკაშენკოს რეჟიმი არც წარსულში ყოფილა შემწყნარებელი ოპოზიციის მიმართ, პოლიტიკური დევნის ქვეშ თქვენც იყავით. შეცვალა რეჟიმმა სტრატეგია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

შეიცვალა დამოკიდებულება. სინამდვილეში ახლა ლუკაშენკო მოქალაქეების უმრავლესობის ოპოზიციაშია. ლუკაშენკომ უარი თქვა ყველანაირ თამაშზე, თავის მოჩვენებაზე, იმაზე, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ სტაბილურობის კუნძული ვართ, რომ რეგიონული უსაფრთხოების დონორი ვართ. ათასობით პოლიტპატიმარი, მოკლული ადამიანი და უკვე არა სიკვდილის ესკადრონით, არამედ ახალი პოლიტიკური რეალობით. ლუკაშენკომ გააკეთა გათვლა ერთ ჯგუფზე, ესაა "გუშინდელი პოლკოვნიკები", ვისაც სადისტური მიდრეკილებები აქვთ, რომელთაც ადამიანებზე ძალადობა სიამოვნებთ. ახლა მას არ აქვს არანაირი მცდელობაც კი ოპოზიციასთან საუბრის. თუ ადრე კგბ ოპოზიციონერებს სახელებით იცნობდა, ახლანდელი მდგომარეობა სრულიდან მოულოდნელია ხელისუფლებისთვის.

პოლიცია აკავებს 73 წლის ნინა ბაგინსკაიას მინსკში საპროტესტო აქციაზე, 2020 წლის 19 სექტემბერი/ ფოტო: TUT.by

ახლა შეიძლება ნებისმიერი იყოს ოპოზიციონერი. ჩვენს რევოლუციას ჰქონდა თავისი განსაკუთრებულობა, ის არ ჰგავდა რევოლუციებს რომლებიც იყო საქართველოში, უკრაინაში. ეს განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ეს იყო დეცენტრალიზებული პროტესტი. არ იყო მკვეთრად გამოხატული ლიდერი. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ხალხის გამოღვიძებას, მაგრამ მკვეთრად გამოხატული ლიდერი არ ყოფილა. ახლა აშკარა ლიდერი ტიხანოვსკაიაა, მაგრამ ის გახდა ლიდერი ამ კამპანიის შედეგად, ლეგიტიმაციით, მას ხმა მისცა მილიონობით ადამიანმა. წინასაარჩევნო ეტაპზე ლიდერი შეიძლებოდა ნებისმიერი გამხდარიყო. ხელისუფლებისთვის სრულიად მოულოდნელი გახდა, საიდან შეიძლებოდა ლიდერების გამოჩენა. ეს იყო ლიდერების გამოჩენის დრო. ლუკაშენკო ყოველთვის ებრძოდა თავის ოპონენტებს, მაგრამ ახლა ეს ოპონენტები გახდნენ მილიონები და, ფაქტობრივად, ახლა მას უწევს ებრძოლოს მთელ ქვეყანას.

როგორ დაახასიათებდით ახლა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს?

ალექსანდრ ლუკაშენკო/ ფოტო: კადრი ვიდეოდან

ეს არის ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანის რეჟიმი. ადამიანისა რომელიც წინ მიდის უკან მოტრიალებული თავით. ადამიანის, რომელმაც წააგო ყველაფერი და, საბედნიეროდ, რომლისთვისაც ბელარუსის ისტორიაში დადებითი შეფასება არ მოიძებნება. ერთი დროს ლუკაშენკო ოცნებობდა, რომ მომავალში მისი პორტრეტი ლევ საპეგას პორტრეტის გვერდით იქნებოდა, მაგრამ ახლა ეს იმედები აღარ არსებობს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ბელარუსი ახლა ევროპის მიგარნტების კრიზისის ეპიცენტრშია. დასავლეთი პირდაპირ ადანაშაულებს ლუკაშენკოს კრიზის შექმნაში. სანქციები დასავლეთის მოსალოდნელი პასუხი იყო. ეს რეაქცია არც ლუკაშენკოსთვის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს ახლა ის?

ლუკაშენკო ცდილობდა რამდენიმე ამოცანა გადაეჭრა. პირველ რიგში ქვეყნის შიგნით, ის ცდილობს, ეს სიტუაცია გამოიყენოს, რათა შექმნას რკინის ფარდა, როგორც საბჭოთა კავშირში. მას ესმის, რომ დასავლეთი იძულებულია, უფრო მეტად ჩაიკეტოს ბელარუსისგან. ლუკაშენკოსთვის, რაღაც მხრივ, ეს მდგომარეობა კარგია, რადგან მისი გამოყენებით ის ქვეყანას კეტავს, ტოტალური კონტროლი - ეს მისია სტილია. ეს ის გარემოა, სადაც ის თავისუფლად სუნთქავს. ის კრიზისით ქვეყანაზე კონტროლის გაძლიერებას ცდილობს.

მეორე მხრივ, მას ამოძრავებს გარკვეული წყენა. დღევანდელ დღემდე ის ალბათ ცივ ოფლში იღვიძებს, რომ "ვიღაც დიასახლისმა" წაართვა ყველაფერი, წაართვა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის 80%, არამედ პოზიტიური ყურადღება და ხალხის სიყვარული. ის ქვეყნიდან ვეღარ გადის. ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ მას ჰქონდა მოწვევები ოფიციალურ სამუშაო ვიზიტებზე ევროპულ ქვეყნებში. ახლა ის უარყოფილია, მისთვის მთელი ევროპა დაკეტილია. რადგან თვითონ ვერსად გადის, ცდილობს იგივე გაუკეთოს ხალხს. ფაქტობრივად, ბელარუსიდან თავისუფლად გასვლა შეიძლება მხოლოდ თვითმფრინავით. ყველა სხვა შემთხვევაში ქვეყნის დატოვება შეიძლება მხოლოდ სამ თვეში ერთხელ, ისიც, განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. დახურულია ქვეყანა.

მიგრანტები პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, 2021 წლის 15 ნოემბერი/ ფოტო: Leonid Shcheglov

საერთაშორისო საზოგადოებასთან ის სხვა საკითხების გადაჭრას ცდილობდა. ცდილობდა დაესვა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნაწილობრივ ეს გამოუვიდა, მაგრამ მაინც ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, სადაც მას აგზავნიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ მიგრანტების, საზღვარზე გაჭედილი ადამიანების პრობლემებით.

საკუთარი გარემოცვისთვის ის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ არ დამარცხებულა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლკოვნიკები, რომლებიც დღეს გენერლები მას უძლეველად ხედავდნენ. 

"მე მათ კანკალს ვაიძულებ" - თქვა და მოახერხა, იმიტომ, რომ თავდაპირველად არც პოლონეთი, არც ლიტვა, არც ლატვია არ აღმოჩნდნენ ამისთვის მზად. არც პოლიტიკურ დონეზე და არც ინფრასტრუქტურულ დონეზე. შემდეგ მათ დაიწყეს საკმაოდ ეფექტიანი კონტრზომების მიღება. ამის შემდეგ ლუკაშენკო უკვე წავიდა იმაზე, რომ დაიწყო ვარშავაზე მიგრანტების ლაშქრობის ორგანიზება.

რა არის რუსეთის როლი ამ კრიზისში?

რაც შეეხება მოსკოვს აქ საქმე უფრო რთულადაა. ვფიქრობ არსებობს კრემლის და ლუკაშენკოს ორმხრივი ინტერესი მიგრანტების კრიზისში. ლუკაშენკო ამით ცდილობდა გაეზარდა საკუთარი წონა კრემლში მოლაპარაკებებზე. კრემლი კი თავისი ინტერესი ჰქონდა. პუტინი მიგრანტების კრიზისში ელოდა, რომ როდისმე ეს კრიზისი ძალიან სერიოზულად გამწვავდებოდა და მაშინ რუსეთი თეთრ ფრაკში გამოწყობილ შუამავლად მოგვევლინებოდა - "ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მაგრამ დაგეხმარებით". ეს არ გამოუვიდათ. ვარშავაში, ვილნიუსში თავიდანვე თქვეს, რომ ლუკაშენკო ასეთი აქტიური და თავხედი ხულიგანი იმიტომაა, რომ იცის მის უკან ძლიერი ბიძა დგას. 

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი სოჭში იახტაზე/ფოტო:DW

კრემლი და ლუკაშენკო ცალკე ისტორიაა. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მოულოდნელი განცხადება პუტინისგან. მან თქვა, რომ არჩევნების შემდეგ ბელარუსში ყველაფერი რიგზე არ არის. მან პირველად აღიარა, რომ არსებობს პრობლემები, ლუკაშენკოს ლეგიტიმურობის შესახებ. მისი მეორე გზავნილია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ აწარმოოს მოლაპარაკებები. ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური განცხადებაა. თუმცა, გასაგებია, რომ თავის ამოცანებს ასრულებს და არა ჩვენსას. თავისი არსით პუტინმა გამოიყენა ლუკაშენკო. ლუკაშენკო შანტაჟის დიდოსტატია. ამ განცხადებას მე განვიხილავ, როგორც ლუკაშენკოს შანტაჟს. რატომ? როდესაც გასულ წლის სექტემბერში ლუკაშენკო იყო სოჭში და მისი პოზიციები იყო მერყევი, პუტინს ის ძალიან მოკლე საბელზე ჰყავდა. ლუკაშენკომ აიღო ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა. პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხალხს ქუჩა დაეტოვებინა, და ეს რუსეთს არ გადასდებოდა. 

არსებობს ერთი მიზეზი, რომელიც აიძულებს კრემლს უბიძგოს ლუკაშენკოს წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან და ის ჩაანაცვლოს ახალმა პრორუსმა პოლიტიკურმა ძალამ. ახლა პუტინს უწევს მხარი დაუჭიროს ტოქსიკურ ლუკაშენკოს. ასიათასობით ადამიანი ხედავს, რომ ერთი ისვრის, მეორე კი ვაზნებს აწოდებს. იზრდება ანტირუსული განწყობა ბელარუსში. შუალედურ პერსპექტივაში პუტინისთვის არ არის მომგებიანი ლუკაშენკოს მხარდაჭერა. პუტინი იღებს ლუკაშენკოს ტოქსიკურობას თავის თავზე. კრემლისტური სოციოლოგიური ლაბორატორიის გამოკითხვებით ბელარუსში ანგელა მერკელი უფრო პოპულარულია, ვიდრე პუტინი.

ურთიერთობები კრემლსა და წითელ სახლს შორის საკმაოდ რთულია. ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს და, ამასთანავე, ისინი ერთნაირები არიან ავტორიტარული აზროვნებით, თითოეულს უნდა ერთმანეთზე უფრო დიდხანს დარჩეს ძალაუფლებაში. პუტინს აქვს დრო 2024 წლამდე. შემდეგ საპრეზიდენტო კამპანიამდე პუტინი უნდა მივიდეს პოზიტიური ფაილით ბელარუსზე, უნდა აჩვენოს, რომ ყულფია ბელარუსის კისერზე. დრო სწრაფად გადის. ვფიქრობ კრემლი ცდილობს ლუკაშენკო გვერდზე გაწიოს ნაზარბაევის სცენარით, რათა ის ჩრდილში გადავიდეს. მაგრამ ლუკაშენკო განსხვავებული ტიპაჟია, ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანები ასე არ მიდიან.

ბოლო პერიოდში საქართველოში უფრო და უფრო ხშირად ადარებენ საქართველოს და ბელარუსს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაფორმდა შეთანხმება ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს შორის. თქვენ რა მსგავსებასა და განსხვავებას ხედავთ ამ ორ ქვეყანას შორის?

​საინტერესო კითხვაა. მე დავიწყებდი განსაკუთრებულობით. მე მგონია, საქართველოში ჯერ შეუძლებელია ბელარუსის საკითხზე ერთ მაგიდასთან ისხდეს ოპოზიციაც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ეს არის განსაკუთრებულობა საქართველოში. 

რაც შეეხება ტენდენციებს. ყოველთვის საჭიროა აღელვების გამოხატვა და რაც ადრე მოხდება, მით უკეთესი. მეც ვუყურებ, ვხედავ, ვაკვირდები, რომ ბევრი რამ ისმის ისეთი, რაც ისმოდა ბელარუსში, ლუკაშენკოს დროს. რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი არ არის ისე, როგორც ბელარუსში, მაგრამ ხანდახან შეიძლება ვერც შეამჩნიო - ცვლილება სწრაფად შეიძლება მოხდეს, ხალხი ფხიზლად უნდა იყოს.

ამასთანავე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ქართველებს გაქვთ დიდი მონაპოვარი. თქვენ მაინც გაქვთ არჩევნები, თქვენ ყველგან გყავთ ოპოზიცია, თქვენ გყავთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თქვენ გაქვთ თავისუფალი პრესა. ეს არის ის, რაც დღევანდელ ბელარუსში ან განადგურებულია ან არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამიტომ დააფასეთ, რომ ეს გაქვთ, იმიტომ, რომ როცა ამას დაკარგავთ, ეს ძალიან მტკივნეული იქნება. 

რაც შეეხება სპეცსამსახურებს შორის კონკრეტულ შეთანხმებას, ჩვენ ამას მაშინვე მივაქციეთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ მოგვწონს. ის განმარტებაც ბუნდოვანია, რომელიც თქვენმა პრემიერმინისტრმა გააკეთა, რომ ჩვეულებრივი ბელარუსები მშვიდად უნდა იყვნენ. და არაჩვეულებრივი ბელარუსები? და ვინ არის ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი? აი, მე, ადამიანი სვეტლანა ტიხანოვაკაის გუნდიდან ჩვეულებრივი ბელარუსი ვარ თუ არა? როცა მოვფრინავდი, ვფიქრობდი ამაზე. საზღვარზე მოღიმარი მესაზღვრეები დგანან და ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დღეს ეს შეიძლება იმიტომაა, რომ შეთანხმების გაფორმებას პროტესტი მოჰყვა და ამას ყველამ ყურადღება მიაქცია. ჩემი სურვილი იქნება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ფრთხილად იყოს ბელარუსის ტოქსიკურ რეჟიმთან. ნებისმიერი მათი მოქმედება, რომელსაც შეიძლება ერთი შეხედვით არ ჰქონდეს სერიოზული პოლიტიკური შედეგები, არის ტოქსიკურობა და თქვენ ამ ტოქსიკურობას მიიკერებთ. მე საქართველოში პოლიტიკოსებსაც შევხვდები და ჩემი გზავნილი ასეთია - საჭიროა, ერთიანი კოალიციის შექმნა ტოტალიტარული, ავტორიტარული ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენი, საქართველოს და ბელარუსის მომავალი არ არის ლუკაშენკო, არ არის საბჭოთა კავშირში დაბრუნება, ეს არ არის პოლიტიკური დამოკიდებულება რუსეთზე. ჩვენ სხვა მომავალი უნდა გვქონდეს, ამიტომ მინდა ვხედავდე, რომ ბელარუსის საკითხზე მთავრობასაც და ოპოზიციასაც ერთნაირი მიდგომა აქვთ, რათა ის იყოს სოლიდარული. მაგალითად ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსებმა აიღონ საკუთარ თავზე პოლიტპატიმრების პატრონაჟი. ეს იქნებოდა ძალიან სიმბოლური.

საპროტესტო პოსტერები მინსკში: "იძებნება ცოცხალი ან მკვდარი, მკვლელი და სისხლისმსმელი"/ ფოტო: Sergei Gapon/AFP

ბოლო პერიოდში საქართველოში ჩნდება შიში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიცია საუბრობს რეჟიმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ცდილობს ოპოზიციური ხმის ჩახშობას, თავისუფალი პრესის ჩახშობას…

ის რომ არსებობს შიში, ეს არის ჯანსაღი რეფლექსია. როგორ ვითარდება ავტორიტარიზმი? ის აღწევს ყველა თავისუფალ სივრცეში და ავსებს მას და ეს შეიძლება ნელ-ნელა და შეუმჩნევლად ხდებოდეს. ეს შეიძლება სპეკულაციურად მიმდინარეობდეს, როცა ელექტორატის ნაწილს ფუნთუშით თაფლავენ და ეუბნებიან, რომ მთავარს აძლევენ. არა უშავს თუ ჩვენ ვზღუდავთ თავისუფლებას, ახალ შესაძლებლობებს, სამაგიეროდ ჩვენ გაძლევთ პურს  - ხანდახან ავტორიტარული რეჟიმები, ან ისინი ვისაც სურთ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბება, სპეკულირებენ ეკონომიკური საკითხებით, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგრამ დამიჯერეთ, თუ თქვენ კარგავთ თავისუფლებას, თუ კარგავთ ადამიანად ყოფნის შესაძლებლობას, შემდეგ თქვენ კარგავთ პურის იმ ნაჭერსაც. პირველ რიგში თქვენ გართმევენ თავისუფლებას. ამიტომ იყავით ფხიზლად და ვფიქრობ, ძლიერი ოპოზიცია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი მასმედია – ესაა სწორედ ავტორიტარიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა. აიცერით, ქართველებო.

რა მსგავსებებს ხედავთ რუსეთის დამოკიდებულებაში ბელარუსის მიმართ და რუსეთის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ?

მსგავსება არის ერთი - რუსეთი ჩვენ მიგვიჩნევს იმ ტერიტორიებად, რომლებზეც უნდა ჰქონდეს კონტროლი, ეკონომიკური, პოლიტიკური. ეს ერთ - მეორე ამ კონტროლისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. მათ შორის, ტერიტორიის ანექსიას, ჩვენთანაც არის ეს საფრთხე, არის სურვილი სამხედრო ბაზების ჩადგმის, ამიტომ ასეთი მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს - "ჩვენია და ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ". 

განსხვავება კი ისაა, რომ თქვენთან უკვე წინა ხელისუფლებამ დასახა ურთიერთობების ვექტორი, რომელიც სრულდება. საქართველოს მაინც ევრო-ატლანტიკურ სივრცეზე, ამ ფასეულობებზე აქვს ორიენტაცია. ვფიქრობ, რომ ბელარუსის მოსახლეობის უმეტესობა უკვე დასავლეთზეა ორიენტირებული, მაგრამ სხვა ვითარებაა ხელისუფლებაში. რუსეთი ლუკაშენკოსთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

მას სამი საყრდენი აქვს. ერთია შიში – საბჭოთა მემკვიდრეობა. აქ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ლუკაშენკომ კგბ-ს სახელწოდება, განა იმის გამო არ შეცვალა, რომ არაკრეატიულია, მას ესმის, რომ ეს შიშის სიმბოლოა. ამიტომ შიში ლუკაშენკოს მთავარი მოკავშირეა. საპროტესტო აქციების დასრულების მთავარი მიზეზიც შიშია. ბუნებრივია, რომ ადამიანს ეშინია საკუთარი თავის, ოჯახის წევრების, ახლობლების გამო. ლუკაშენკოს მეორე საყრდენია საზოგადოების 80%-ის მასზე ფინანსური დამოკიდებულება. პენსიები, დახმარებები, ხელფასები – ამას მისგან იღებენ.

ხოლო მესამე საყრდენი ლუკაშენკოსთვის რუსეთია. ამ საყრდენებიდან ერთ-ერთის გამოცლა რეჟიმის დამხობას გამოიწვევს და მოვლენები აქეთკენ ვითარდება. ჩვენ თვითონ არ ვიცით, რა შეიძლება იყოს სამომავლო ცვლილებების კატალიზატორი. ჯერჯერობით ლუკაშენკო თავად ითხრის პოლიტიკურ საფლავს.

კომენტარები