კორონავირუსი ავსტრიაში

ავსტრიაში ათიათასობით ადამიანი Covid-19-ის საწინააღმდეგო შეზღუდვებს აპროტესტებს

Getty Images

ათიათასობით ადამიანმა ავსტრიაში Covid-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები, მათ შორის სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტა. პოლიციის ინფორმაციით, დედაქალაქ ვენაში აქციაში 44 000 ადამიანი მონაწილეობდა. პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერით "არა სავალდებულო ვაქცინაციას". მსგავსი აქციები გაიმართა ქალაქებში კლაგენფურტი და ლინცი. ეს შაბათ-კვირას გამართული რიგით მეოთხე პროტესტი იყო.

გასულ თვეს ავსტრია პირველი ქვეყანა გახდა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც არავაქცინირებულებისთვის ლოკდაუნი შემოიღო.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიაც არის, თებერვლიდან სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასაც აპროტესტებს. ქვეყანა პირველია ევროპაში, რომელმაც ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. აცრა სავალდებულო გახდა 14 წელს ზევით მოქალაქეებისთვის.

სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათ თავად უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების უფლება. მთავრობის თქმით, ძალით არავის გაუკეთებენ აცრას, მაგრამ მათ ვინც აცრაზე უარს იტყვის, €3 600-მდე ჯარიმა დაეკისრებათ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ავსტრიაში კორონავირუსის 1.2 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 13 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აცრილია ქვეყნის მოსახლეობის 68%, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კომენტარები