კორონავირუსი ავსტრიაში

ავსტრიაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა 17 ნოემბრიდან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. შეზღუდვები, სულ მცირე, 6 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

ავსტრიის მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ, სამსახურში წასასვლელად ან პროდუქტების საყიდლად. აქამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული, რომელიც 20:00 საათიდან 6:00-საათამდე მოქმედებდა. გარდა ამისა კონტაქტების შემცირების მიზნით, დღის განმავლობაში ოჯახის წევრების გარდა მხოლოდ ერთ ადამიანთან შეხვედრა იყო ნებადართული.

მაღაზიების უმეტესობა დაიკეტება. მუშაობას გააგრძელებს აფთიაქები და პირველადი საჭიროების მაღაზიები. გახანგრძლივდა რესტორნების და კაფეების მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვები. სკოლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება, თუმცა საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

სებასტიან კურცმა მოსახლეობას მოუწოდა, უახლოესი კვირების განმავლობაში თავი შეიკავონ შეხვედრებისგან. კანცლერმა აღნიშნა, რომ საყოველთაო კარანტინი კორონავირუსთან "ბრძოლის ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა".

12 და 13 ნოემბერს პანდემიის დაწყებიდან პირველად ავსტრიაში ყოველდღიურად აღირიცხა ინფექციის 9000-ზე მეტი ახალი შემთხვევა.

ავსტრიაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 203 956-ს მიაღწია. ვირუსისგან გარდაიცვალა 1 829 ადამიანი.

კომენტარები