ჯულიან ასანჟი

ბრიტანეთის სასამართლომ ჯულიან ასანჟის ექსტრადიციაზე აშშ-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ აშშ-ს მხრიდან WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის, ექსტრადიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ ასანჟის დაცვის მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები უარყო, მან დაასკვნა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ასანჟი თვითმკვლელობას ჩაიდენდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, აშშ-ს პროკურატურა აკმაყოფილებდა მოთხოვნებს ასანჟის აშშ-ში გასამართლებისათვის, თუმცა მათ არ შეეძლოთ, ხელი შეეშალათ თვითმკვლელობის მცდელობისათვის. ასანჟის ფსიქიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, მოსამართლემ დაასკვნა:

"ზოგადი შთაბეჭდილებაა დეპრესიული და სასოწარკვეთილი კაცისა, რომელსაც საკუთარი მომავალი აშინებს. თითქმის სრული იზოლაციის პირობებში, დამცავი ფაქტორების გარეშე, მივიჩნევ, რომ აშშ-ს მიერ აღწერილი პროცედურები ვერ შეუშლის ხელს ჯულიან ასანჟს თვითმკვლელობის გზის გამოძებნაში".

განაჩენის გასაჩივრებისათვის აშშ-ს 14 დღე აქვს და მოსალოდნელია, რომ საჩივარს უახლოეს დღეებში შეიტანენ. შესაბამისად, ასანჟი საპატიმროდან არ გათავისუფლდება და მის საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2019 წლის მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-ში მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

წაყენებული ბრალდებების ნაწილი დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები