უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი

ანალენა ბერბოკი: რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მაღალი ფასის გადახდა მოუწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ახლად არჩეულმა მინისტრმა პირველი საგარეო ვიზიტის დროს, პარიზში ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ივ ლე დრიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს. უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა დარღვევისთვის რუსეთს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს", - თქვა ბერბოკმა.

მინისტრის თქმით, უპირველი პრიორიტეტი სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება უნდა იყოს და საკითხის გადასაწყვეტად დიპლომატიური გზების გამონახვაა საჭირო.

გარდა ამისა, ბერბოკმა ჟან-ივ ლე დრიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მისი და ლე დრიანის შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა და მათი სურვილია, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მიიღონ. 

პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო თავდაპირველად აშშ-მ გამოუცხადა.  მოგვიანებით კი მას ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და კანადაც შეუერთდნენ.

ანალენა ბერბოკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად 8 დეკემბერს დაინიშნა. ბერბოკი გერმანიის ახალი კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციურ კაბინეტში მწვანეთა პარტიას წარმოადგენს.

კომენტარები