დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პესკოვი აშშ-ზე: ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში ავგიას დიდი თავლები გვაქვს

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს ურთიერთობა ავგიას თავლას შეადარა. ამის შესახებ მან კომენტარი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.

"[აშშ-სთან] საუბრებისგან გარღვევის მოლოდინი ძალიან რთულია. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში იმდენად დიდი ავგიას თავლები გვაქვს, რომ მათი ასე, რამდენიმე საათში, საუბრით გაწმენდვა რთულად თუ იქნება შესაძლებელი", – თქვა პესკოვმა.

მან ასევე დაამატა, რომ რთული ორმხრივი ურთიერთობის მიუხედავად, მხარეებმა გარკვეულ საკითხებში დიალოგი დაიწყეს, თუმცა მას ჯერჯერობით ისინი შეთანხმებამდე ვერ მიჰყავს. 

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იქნება.

თეთრი სახლის პრესსამსახურის თანახმად, ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ს შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობასთან დაკავშირებით დ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განმეორებით აღნიშნავს.

უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს უკვე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.

ბაიდენი და პუტინი პირისპირ ერთმანეთს ერთხელ, ჟენევაში 16 ივნისს შეხვდნენ.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

 

კომენტარები