კორონავირუსი საქართველოში

"წლის ბოლომდე მივიღებ კუთვნილ დოზას" – ტიკარაძე განმარტავს, რატომ არ აიცრა მე-2 დოზით

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ რატომ არ აიცრა ამ დრომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-2 დოზით. მინისტრი ამბობს, რომ "კუთვნილ დოზას" 2021 წლის ბოლომდე მიიღებს.

"ამაზე არის ძალიან ბევრი კითხვა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში და ახსნა არის ძალიან მარტივი. მე პირველი დოზა გავიკეთე AstraZeneca-ს ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის და ასევე სქესისთვის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩათვლილი, როგორც უსაფრთხო ვაქცინა. თუმცა, შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრება და იმ პერიოდში, სანამ მე მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, მე უკვე ვიყავი ინფიცირებული. მერე, გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან, რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც გარკვეული მცირედი გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც უკვე საჭირო კონსულტაციებით ჩაითვალა, რომელი ვაქცინით უნდა გავაგრძელო მე უკვე აცრა.

მხოლოდ დღეს უკვე ხდება ცნობილი, რომ დასაშვებია, ადამიანები, რომლებიც არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მათ აქვთ საშუალება მიიღონ დამატებითი დოზა Pfizer-ის ვაქცინის, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის არის უსაფრთხო და ასევე ბუსტერ დოზაზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ აიცრან Pfizer-ის ვაქცინით. ამიტომ, ეს იყო მთელი საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, შეიძლება გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, იყო ეს სიმართლე თუ ტყუილი. ვინაიდან, ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული პასუხები ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ასევე, რომ არ შემექმნა და არ დამენერგა გარკვეული პანიკა მოსახლეობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკვე ეს ყველაფერი მეტად უფრო ცხადი ხდება, თუ რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მე წლის ბოლომდე მივიღებ ჩემს კუთვნილ დოზას ვაქცინის". - ამბობს ტიკარაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში

ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს, საჩხერის საავადმყოფოში აიცრა. ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდგომ, მინისტრს 1-ელ ივნისს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსისგან კი 16 ივნისს განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 20 ივლისს თქვა, რომ მოქალაქეები კორონავირუსით ინფიცირებიდან აცრას 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში შეძლებენ, შესაბამისად, ამ პერიოდიდან ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინის მეორე დოზის მიღება უკვე შეეძლო.

კომენტარები