გიგი უგულავა

გიგი უგულავა სასამართლომ 3 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

გიგი უგულავა
Interpressnews

პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელიც 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, სასამართლომ 3 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"ხელისუფლება ცდილობს, რომ ასეთი დაჯარიმებებით, დაკავებებით დააშინოს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აბსოლუტური სიბრიყვეა ეს. რაც უფრო მეტს დაიჭერენ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ მათ ცხვირში". – თქვა გიგი უგულავამ პროცესის შემდეგ.

29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები