გიგი უგულავა

სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას გიგი უგულავასთვის €10 000-ის გადახდა დააკისრა

ტაბულა

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განაჩენი საქმეზე – გიგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლოში გასაჩივრებული იყო გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის საკითხი. 

საქმეში სტრასბურგის სასამართლომ გამოავლინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის რამდენიმე პუნქტის დარღვევა და გიგი უგულავასთვის მთავრობას 10 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტი არ დარღვეულა, თუმცა ის 2015 წლის 2 აპრილიდან 2015 წლის 17 სექტემბრის შუალედში დაირღვა. ამას გარდა, განაჩენში ნათქვამია, რომ 2015 წლის 18 თებერვლიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რადგან უგულავას წინასწარ პატიმრობას საკმარისი საფუძველი აღარ ჰქონდა. სასამართლომ ვერ შეძლო დაედგინა, უგულავას თავდაპირველად დაკავება იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული, შესაბამისად, არ დადგინდა მე-18 მუხლის (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლთან შეუთავსებლობა.

2014 წლის 3 ივლისს დაკავებულ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 2015 წლის 2 აპრილს ეწურებოდა. მის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი ჯერ მზად არ იყო, ამიტომაც, ის უნდა გათავისუბლებულიყო. თუმცა, 14 მარტს პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა. ედავებოდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციასა და ტელეკომპანია იმედის და მთაწმნიდის პარკის უკანონო მისაკუთრებას. ამის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში დარჩა.

"სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებული იყო გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის საკითხები, რომლებიც ეხებოდა თავდაპირველ დაპატიმრებას, შემდეგ პატიმრობის ვადების გაგრძელებას და ასევე ახალი პატიმრობის შეფარდებას. გასაჩივრებული იყო მუხლები 5.1 და 5.3. ასევე, გასაჩივრებული იყო ევროკონვენციის მე-18 მუხლის მე-5 მუხლთან თავსებადობა. სასამართლოს დასკვნით, დარღვევა დადგინდა ევროკონვენციის 5.1 მუხლთან მიმართებაში, რომელიც შეეხებოდა უგულავასთვის ახალი პატიმრობის შეფარდებას, 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში. ეს სასამართლომ შეაფასა, როგორც ცხრათვიანი კონსტიტუციური ვადის გვერდის ავლის მეთოდი და ევროკონვენციის საწინააღმდეგოდ ცნო. მეორე დარღვევა დადგინდა ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ეხებოდა წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მხრიდან პატიმრობის გაგრძელებას დასაბუთების გარეშე. ეს იყო 2015 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი". – თქვა ტაბულასთან ადვოკატმა ოთო კახიძემ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით გიგი უგულავას უფლებებს იცავდა.

ოთო კახიძემ ასევე ისაუბრა საქმის იმ ეპიზოდებზე, რომლებშიც სტრასბურგის სასამართლოს დარღვევა არ დაუდგენია.

"რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა, ეს იყო თავდაპირველი პატიმრობის შეფარდება. სასამართლომ აქ ჩათვალა, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, სტანდარტი, არ მიიჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. ამასთანაა ბმაში მე-18 მუხლი, სადაც სასამართლომ ჩათვალა, რომ, ბევრი საეჭვო ეპიზოდის, მათ შორის რვათვიანი ვადის გასვლის დროს ახალი პატიმრობის შეფარდების მიუხედავად, პოლიტიკური მოტივაციის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო და მე-5 მუხლის დარღვევა არ დაადგინა". 

განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "სტრასბურგის სასამართლოს თანახმად გიორგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები". ამ განცხადებასთან დაკავშირებით ოთო კახიძე ამბობს, რომ არასწორია და უხეში ინტერპრეტაციაა.

"ეს არასწორი განცხადებაა. სასამართლოს არ უთქვამს, რომ პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთებოდა. სასამართლომ თქვა, რომ პოლიტიკური ნიშნების დასადგენად უფრო მაღალი სტანდარტები აქვთ და ამისთვის მეტი მტკიცებულებაა საჭირო. არ უთქვამთ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო. თქვეს, რომ ვერ ამტკიცებენ პოლიტიკურ მოტივაციას. ეს ერთი და იგივე არაა. უხეში ინტერპრეტაციაა". – თქვა ოთო კახიძემ.

კომენტარები