ვაქცინაცია საქართველოში

საქართველოში ორჯერადად აცრილია 1 მილიონი ადამიანი, ეს მოზრდილი მოსახლეობის 35.1%-ია

iStock

დღეიდან, პირველი დეკემბრიდან, საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ე.წ მწვანე ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის ორჯერ აცრილი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. გარდა ამისა, მოქალაქეებს 72-საათიანი მწვანე სტატუსი მიენიჭებათ PCR ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ხოლო 24-საათიანი - ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებისას.

საქართველოში ორჯერადად აცრილია 1 001 801 ადამიანი, ეს ზრდასრული მოსახლეობის 35.1%-ია. სულ მცირე ერთი დოზით აცრილთა რიცხვი კი, 1 165 835-ია (ზრდასრული მოსახლეობის 41%).

გარდა ამისა, Covid 19-ისგან უკვე გამოჯანმრთელდა 792 00-ზე მეტი ადამიანი, მათ ავტომატურად მიენიჭათ უვადო მწვანე სტატუსი.

მწვანე სტატუსის მოთხოვნა მოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის.

მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტებში (რესტორნების და კაფე-ბარების ღია და დახურული სივრცეები), კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს  - არა.

კომენტარები