კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა, რა უნდა იცოდეთ

Shutterstock

დღეიდან, პირველი დეკემბრიდან, საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ე.წ მწვანე ბარათის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის ორჯერ აცრილი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. გარდა ამისა, მოქალაქეებს 72-საათიანი მწვანე სტატუსი მიენიჭებათ PCR ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ხოლო 24-საათიანი - ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებისას.

მწვანე სტატუსის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის.

მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტებში (რესტორნების და კაფე-ბარების ღია და დახურული სივრცეები), კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს  - არა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში Covid-გადატანილებს მუდმივი მწვანე სტატუსი მიენიჭათ და ექვსთვიანი ჩამკეტი, რომელიც ევროპაშია, არ იქნება. 30 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 788 000 ადამიანი და მათ ავტომატურად აქვთ უვადო მწვანე სტატუსი.

როგორ დავადასტუროთ მწვანე სტატუსი:

შეგიძლიათ, იუსტიციის სახლიდან აიღოთ Covid-ბარათი ან გამოიყენოთ სპეციალური აპლიკაციები - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

საერთაშორისო მგზავრობისთვის კი, CovidPass Georgia არ გამოდგება და აპლიკაცია Georgia e-Health უნდა გამოიყენოთ. 

კომენტარები