აზარტული თამაშები

ოჯახის მოთხოვნით შავ სიაში მოხვედრილ პირებს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდებათ

საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირები, რომლებიც ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით მოხვდებიან, აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდებათ. აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებსაც - სოციალურად დაცუველებს და საჯარო მოხელეებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით.

"25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, აქაც გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება შეზღუდვა, ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს", - თქვა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, იგეგმება ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. ასევე იკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. 

კომენტარები