ირანი

რაისი: ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი ახლოს უნდა იყვნენ, რათა საერთო მტრებს იმედი გაუცრუვდეთ

ებრაჰიმ რაისი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშხაბადში
president.ir

თურქმენეთში, აშხაბადში ჩატარებული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. 

შეხევედრაზე მხარეებმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის რეგიონში კოოპერაციაზე ისაუბრეს. განიხილეს ირანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგო, საბანკო, სავალუტო და სხვა სექტორებში.

ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისის თქმით, ირანს, თურქეთსა და აზერბაიჯანს "აქვთ ბევრი კულტურული, რელიგიური და იდეოლოგიური საერთო და ეს ურთიერთობები არ უნდა დაზიანდეს. არამედ უნდა იყოს რაც შეიძლება ახლოს, საერთო მტრების იმედების გასაცრუებლად".

"რეგიონის პრობლემები რეგიონის ქვეყნების მიერ უნდა გადაიჭრას. უცხოელების ჩარევა ვერ გადაჭრის პრობლემებს, არამედ სიტუაციას გაართულებს", – თქვა ირანის პრეზიდენტმა.

ამავე სამიტის ფარგლებში, ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს ირანმა, თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა.

გასულ თვეში ირანსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია დაძაბული იყო. ამ ეტაპზე, ვითარება, შედარებით, განმუხტულია. წინა თვის დაძაბული სიტუაციის შესახებ წაიკითხეთ აქ – ირანის ალყაში მოქცევის შიში – დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის.

კომენტარები