ტყიბული

მაშველებმა ტყიბულში მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანი იპოვეს, მეორეს ჯერ კიდევ ეძებენ

IPN

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ტყიბულში კარიერის გამაგრებისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს მიაგნეს, ის კონტაქტურია და უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ. უწყების ცნობით, მეორე მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე  რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები". – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესული ინფორმაციის თანახმად, ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში 2 მოქალაქე იმყოფებოდა.

კომენტარები