მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია: პოლიტიკური დევნის დასრულების პირობა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ან მორყევაა

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასა და გზებზე ისაუბრა. ბოკერიას შეფასებით, საკითხის დაყენება, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაა მთავარი და არა სხვა თემები, განხეთქილების შემომტანია. გიგა ბოკერიას თქმით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის პირობა, მათ შორის, ექსპრეზიდენტის მიმართ, "ივანიშვილის რეჟიმის" დამარცხებაა. 

"ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ დაიძრა და იქამდეც სრულიად არაადეკვატური საკითხის დასმა ჰქონდათ - ვინც არ გაიზიარებს სულისკვეთებას, რომ სააკაშვილის გამოყვანაში არის გასაღები, ის ან მოღალატეა, ან ივანიშვილთან შეკრული, ეს ძალიან საზიანოა ყველაფრისთვის. მათი უფლებაა, რომ ასე დასვან საკითხი, ოღონდ, ჩვენ როგორც ვხედავთ ამ ვითარებას, პირდაპირ ვეუბნებით - საკითხის ასე დასმა არასწორია. სააკაშვილის გათავისუფლება თუ მოხერხდა, ესე იგი, უკვე ხელისუფლებას კონტროლი აღარ ჰქონია, იქიდან გამომდინარე, როგორი მნისვნელობაც მიანიჭა ივანიშვილის რეჟიმმა ამ ამბავს, ძალის დემონსტრირების საკითხად აქცია, უტიფარი, უზნეო, სამარცხვინო, ქვეყნისთვის დამაზიანებელი ფორმებით. ყოველთვის, როცა საკითხი ასე დაისმება, რომ სხვა საკითხები კი არა, ეს არის მთავარი, ეს შემოიტანს განხეთქილებას და არაფრისმომტანი არ იქნება, არალოგიკურია. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ან ისე მორყევა, რომ უკვე შეგუებული იყოს ძალაუფლების დათმობას, არის პირობა ზოგადად პოლიტიკური დევნის დასრულების, მათ შორის, სააკაშვილთან დაკავშირებით". - ამბობს ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

ჟურნალისტმა ბოკერიას ნაციონალური მოძრაობის პოზიციაზე ჰკითხა, რომ მათი მხარდამჭერებისთვის წარმოუდგენელია ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, თუ სააკაშვილი ციხეშია. 

"ძალიან ცუდად ყოფილა მათი და ჩვენი საქმე, იმიტომ, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტია არიან. თუ ისინი თავისი მომხრეების აქტიური ან რადიკალური ნაწილის განწყობებს ასიამოვნებენ, იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური ძალის შიგნით წონასწორობა შეინარჩუნონ, ესე იგი, ამას სწირავენ უფრო დიდ ამოცანას". - ამბობს გიგა ბოკერია.  

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა თქვა, რომ მათთვის გაუგებარია, რისთვის არის საჭირო საზოგადოებრივი კომიტეტი. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით კი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი სააკაშვილის გათავისუფლება არ არის. ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძ თქვა, რომ პარტიის გეგმებში სააკაშვილთან დაკავშირებულ საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობა არ შედის.  

მიხეილ სააკაშვილმა 25 ნოემბერს დაწერა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს. 

კომენტარები