პოლიტიკური კრიზისი

"ოცნების მიერ ძალაუფლებისთვის მოკლული ადამიანები" – აქცია მმართველი პარტიის ოფისთან

"ოცნების მიერ ძალაუფლებისთვის მოკლული ადამიანები". – მოძრაობა შეცვალეს წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების  ცენტრალურ ოფისთან ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას და ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს.

"სისტემა კლავს" – მმართველი პარტიის ოფისთან აქტივისტებმა სიმბოლურად წითელი საღებავით დასვრილი რუსული რუბლი მიიტანეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოში მათ არჩეულ წევრ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა. კირთაძე ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე იყო. ენმ-მ 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერიც, რომელსაც გიორგი კირთაძის თქმით, თავად ნუგზარ ფუტკარაძე იწერდა. მათივე ცნობით, მოსალაპარაკებლად მისულები იყვნენ ასლან აბაშიძის დროის მაღალჩინოსნები, ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. მიზანი ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. 

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ზეწოლაში მონაწილეობდა. 


ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია იყო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე ლაპარაკობდა. კერზაია ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები