მიხეილ სააკაშვილი

შოთა თუთბერიძის თქმით, სააკაშვილი სასამართლო პროცესამდე მკურნალობას არ შეწყვეტს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 29 ნოემბრამდე მკურნალობის კურსს არ შეწყვეტს, რათა ქართული ოცნებისთვის ეს არ გახდეს დამატებითი არგუმენტი, არ დაასწროს ის სასამართლო პროცესს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, 25 ნოემბერს დაწერა, რომ, თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, ის უარს იტყვის მკურნალობის კურსის ჩატარებაზე და მხოლოდ იმ მედიკამენტებს მიიღებს, "რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი".

"მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა. იმიტომ რომ, ვიცით ორშაბათს არის პროცესი, რაზეც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და ამ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ. შესაბამისად ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

ორშაბათს, 29 ნოემბერს სასამართლოში სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ "სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტა საფუძველია, შემდეგ სასამართლო პროცესს დაესწროს".

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ სურს დაესწროს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს.

კომენტარები