გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ civil.ge-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის ცოლს ხელისუფლებასთან დაკავშირებული კონტრაქტი აქვს, თუმცა სამინისტრო ამ ფაქტს პრობლემად არ აღიქვამს.
გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივნის, მიგელ ბერგერის თქმით, ბრალდება იმის შესახებ, რომ ელჩის მეუღლის ოლიგარქის უნივერსიტეტში მუშაობამ, შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს თავად ელჩის საქმიანობაზე, დაუსაბუთებელია.
"ბრალდება, რომ [ელჩის] სამუშაოზე მისი ცოლის კომპიუტერული მეცნიერების ლექტორად მუშაობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს, დაუსაბუთებელია. [ელჩების მეუღლეთა] პროფესიული საქმიანობა კანონით ნებადართულ, არაპოლიტიკურ სამსახურში, ნორმალური საბაზრო ანაზღაურების სანაცვლოდ, არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება კორუფციის ბრალდებების დასასაბუთებლად. საზღვარგარეთ განწესებულ თანამშომელთა პარტნიორების დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანი საზრუნავია საგარეო ფედერალური სამინისტროსათვის, რათა მათ შეძლონ სამსახურში საქმიანობასა და ოჯახს შორის ბალანსის უკეთ დაცვა და თავიანთი კარიერის გაგრძელება". - უთხრა ბერგერმა civil.ge-ს.
მიგელ ბერგერმა ისიც აღნიშნა, რომ ჰუბერტ კნირში და გერმანიის საელჩო საქართველოში ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობას როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
"ჰუბერტ კნირში და გერმანიის საელჩო საქართველოში ისე როგორც მათ მოვალეობას შეეფერება, ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან".- განცხადა ბერგერმა civil.ge-ს.
გარდა ამისა, გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობა გერმანიის ახალი მთავრობის პირობებშიც შენარჩუნდება.
"გერმანიას საქართველოსთან ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, ახალი მთავრობის პირობებშიც გერმანია კვლავაც იქნება საქართველოს საიმედო პარტნიორი. ახალი [სამთავრობო] კოალიციის შეთანხმებაში ექსპლიციტურადაა აღნიშნული, რომ აღმოსავლეთ პარტიორობის მხარდაჭერის გაგრძელება გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტთა შორის იქნება.როგორც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წამყვანი პარტნიორი, ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით საქართველოს რეფორმების გატარებაში და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას". - უთხრა ბერგერმა civil.ge-ს.