შვედეთი

შვედეთის პირველი ქალი პრემიერი თანამდებობაზე დამტკიცებიდან რამდენიმე საათში გადადგა

მაგდალენა ანდერსონი
AP

შვედეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი მაგდალენა ანდერსონი თანამდებობაზე დამტკიცებიდან რამდენიმე საათში გადადგა. ანდერსონი პარლამენტმა თანამდებობაზე 24 ოქტომბერს დაამტკიცა. პრემიერმინისტრის პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა მის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი არ მიიღო და ანდერსონის სამთავრობო კოალიცია ერთ-ერთმა პარტიამ დატოვა.

ანდერსონის წამოყენებული ბიუჯეტის ნაცვლად პარლამენტმა ოპოზიციის წარდგენილი ბიუჯეტი მიიღო. ოპოზიციის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდა უკიდურესად მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტია შვედი დემოკრატები. რაც მიუღებელი აღმოჩნდა მწვანეთა პარტიისთვის და პარტიამ სამთავრობო კოალიცია დატოვა.

ანდერსონის თქმით, მას იმედი აქვს, რომ პრემერმინისტრი კიდევ ერთხელ გახდება, თუმცა უკვე როგორც ერთპარტიული მთავრობის ლიდერი. 

"არსებობს კონსტიტუციური პრაქტიკა, რომ კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როცა [კოლაიციას] ერთი პარტია ტოვებს. არ მინდა ისეთი მთავრობის ხელმძღვანელობა, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვებს გააჩენს." – თქვა ანდერსონმა

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ ანდერსონის თანამდებობაზე დამტკიცების მიუხედავად, მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ჰქონია. პარლამენტის 349 წვრიდან 174-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 117-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 57-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. შვედეთის კანონმდებლობით პრემიერმინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად საკმარისია, რომ მის წინააღმდეგ უმრავლესობამ არ მისცეს ხმა.

მაგდალენა ანდერსონი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა. მთავრობის მეთაურად მის დამტკიცებამდე მემარცხენე ოპოზიციური პარტიისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად მან ბოლო წუთებში მიაღწია შეთანხმებას მოსახლეობისთვის პენსიების გაზრდის პირობის სანაცვლოდ. ანდერსონმა ასევე კოალიციური პარტნიორების მწვანეთა პარტიის და შვედეთის ცენტრის პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა

კომენტარები