სუდანი

სუდანის სამხედრო ძალებმა პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი თანამდებობაზე აღადგინეს

აბდალა ჰამდოკი

სუდანის სამხედრო ძალებმა პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი თანამდებობაზე აღადგინა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პირობა დადეს. ოქტომბერში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. გადატრიალების შემდეგ აბდალა ჰამდოკი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

სამხედრო ლიდერთან, გენერალ აბდელ ფატა ალ-ბურჰანთან გაფორმებული შეთანხმების შედეგად ჰამდოკი ხელისუფლებას დროებით გაუძღვება. ჰამდოკი სუდანის პრემიერმინისტრი პირველად 2019 წელს ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის დასრულების შემდეგ გახდა.

სამხედრო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას პროდემოკრატიული ჯგუფები ეწინაღმდეგებიან, რომლებიც ბაშირის რეჯიმის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სრულად სამოქალაქო ხელისუფლებას ითხოვდნენ. პრემიერმინისტრის თანამდებობაზე აღდგენის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება.

ჰამდოკის თქმით, ის შეთანხმებას მეტი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით დათანხმდა.

"სუდნელთა სისხლი ძვირფასია. მოდით შევწყვიტოთ სისხლისღვრა და ახალგაზრდების ენერგია აღმშენებლობისა და განვითარებისკენ მივმართოთ" – თქვა ჰამდოკმა შეთანხმებაზე ხელის მოწერის დროს.

გენერალ ბურჰანის თქმით შეთანხმება ინკლუზიური იქნებოდა, მასში მხოლოდ ბაშირის ყოფილი მმართველი პარტია ეროვნული კონგრესი არ იქნებოდა ჩართული. თუმცა შეთანხმებაში ნახსენები არ არის თავისუფლების და ცვლილების ძალები (FFC) სამოქალაქო კოალიცია, რომელის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებამდე სამხედრო ძალებთან ერთად იზიარებდა ძალაუფლებას. შეთანხმების ხელმოწერას ომარ ალ-ბაშირთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკოსი ესწრებოდა.

FFC-ის თქმით, კოალიცია სამხედრო ძალებთან შეთანხმებას არ ცნობს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი წევრის, სუდანის კონგრესის პარტიის შეფასებით ჰამდოკის მიერ შეთანხმებაზე დათანხმდება უკანონო და არაკონსტიტუციურია და სამხედრო გადატრიალების პოლიტიკური გამართლების საშუალებაა.

სამხედრო ძალებთან გაფორმებული შეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოებას და სამხედრო ძალებს შორის მომავალი მოლაპარაკებების საფუძველი 2019 წელს მხარეებს შორის მიღებული შეთანხმება იქნება. ჰამდოკის თქმით, მთავრობა შეზღუდული რაოდენობის საკითხებზე იქნება კონცენტრიებული და დემოკრატიისკენ გადასვლის პროცესს უხელმძღვანელებს. პრემიერმინისტრის თქმით ქვეყანაში შემდეგი არჩევნები 2023 წლის ივლისამდე ჩატარდება.

სამხედრო გადატრიალება სუდანში ოქტომბრის ბოლოს მოხდა. 25 ოქტომბერს გენერალმა აბდელ ფატა ალ-ბურჰანის ბრძანებით, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი, დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა.

სამხედრო გადატრიალებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებით ხალხმარავალი აქციები დედაქალაქ ხართუმში გაიმართა. დემონსტრანტებთან უშიშროების ძალების დაპირისპირების შედეგად სუდანში 41 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო ორი წელია, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებულ საბჭოს მხარეები, რომლებიც ქვეყანას ერთობლივად მართავდნენ, დაპირისპირებულები არიან. გენერალი ბურჰანი, რომელიც საბჭოს წევრი იყო, ამბობს, რომ სამხედრო გადატრიალება სამოქალაქო ომის თავიდან არიდებისთვის იყო საჭირო.

სუდანის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს შორის შეთანხმება 2019 წელს ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაფორმდა. გაერთიანებულ საბჭოს, გარდამავალ მთავრობას ქვეყანა დემოკრატიისკენ უნდა წაეყვანა და 2023 წელს არჩევნები ჩაეტარებინა. საბჭოს წევრები აქტიურად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა იყო.

კომენტარები