არჩევნები 2021

ქემოკლიძე: საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გვეყოლება, სადაც გადამწყვეტი ხმა გვაქვს

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე თავის კანდიდატურებს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის მდივანმა, კახაბერ ქემოკლიძემ თქვა. 

მისი თქმით, ასეთ კონფიგურაციაში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

"იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია საქართველოსთვის წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს. მოვუწოდებთ ორივე პოლიტიკურ პარტიას გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს".- ამბობს ქემოკლიძე. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა 7 საკრებულოში დაკარგა და შვიდივეში გახარიას პარტიას გადამწყვეტი ხმა აქვს. 

კომენტარები