მიხეილ სააკაშვილი

მელია: 19 ნოემბერს, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია ჩატარდება

ტაბულა

"თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ" – ამ სიტყვებით მოუწოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მოქალაქეებს 19 ნოემბერს, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ. 

ნიკა მელია ბრიფინგით გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას, რომელმაც 18 ნოემბერს, ადვოკატებთან შეხვედრის მიწურულს გონება დაკარგა. ენმ-ს თავმჯდომარის ცნობით, ხვალ, 19 ნოემბერს დაგეგმილი აქცია-მსვლელობები გაუქმდება და მათ ნაცვლად ერთი აქცია ჩატარდება რესპუბლიკის მოედანზე. 

ამავდროულად ნიკა მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ აქციის დაგეგმვამდე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. 

"ხელისუფლება უარს არ ამბობს საკუთარ მანიაკალურ სურვილზე, არც მეტი და არც ნაკლები დატყვევებული ადამიანი მოკლას, მოკლას არა საავადმყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ, სადაც მოისურვა ბიძინა ივანიშვილმა. ის არც ციხეა და არც საავადმყოფო, არის რაღაც შენობა, სადაც დატყვევებულია ადამიანი. ივანიშვილმა მათ შორის არ შეისმინა ყველაზე კომპეტენეტური ექიმების რჩევები, დარიგებები, პროგნოზები არაფრად ჩააგდო და ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში როგორც არასოდეს ახლა საჭიროა სრული მობილიზაცია და სრული ერთობა. 

ხვალისთვის დაგეგმილ 3 ლოკაციაზე გასამართ მანიფესტაცია-მსვლელობებს ვაუქმებთ და ხვალ ყველას, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნნე, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშაა, გელოდებით 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე". – თქვა ნიკა მელიამ. 

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, ხვალ ოპოზიციის ნაწილი კონკრეტული გეგმით შეიკრიბება, რომელსაც ოპოზიციური ლიდერები შეკრებილ მოქალაქეებს ადგილზე გააცნობს. 


18 ნოემბერს საღამოს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა და ის საკაცით გაიყვანეს". მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 49-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები