არჩევნები 2021

თვითცენზურა, შიში, გაზრდილი საფრთხეები – MCERC-ის კვლევა წინასაარჩევნო მედიაგარემოზე

მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითმა ცენტრმა (MCERC) წინასაარჩევნო გარემოში მედიის მიმართ გაზრდილ საფრთხეებზე კვლევა მოამზადა, სახელწოდებით მედიაგარემო 2021 წლის არჩევნებამდე და შემდგომ: საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები. 

კვლევა მიმოიხილვას იმ თავისებურებებს, რომლითაც გამოირჩეოდა 2021 წლის არჩევნების მედიაგარემო საქართველოში. ის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის – სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა. 

კვლევის პერიოდად 28 ივლისიდან 30 სექტემბრამდე პერიოდი განისაზღვრა. რაოდენობრივი კვლევა მოიცავს 56 მედია ორგანიზაციის (მათ შორის 18 რეგიონალური მედიის) 183 დასაქმებულის გამოკითხვის შედეგებს, ხოლო კვლევის მეორე ფაზაში ჩატარდა სამი ფოკუს-ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდა 14 მედიის 24 წარმომადგენელი. 

"ინტეგრირებულმა ანალიზმა წარმოაჩინა მედიაში დასამქბეულების თვალით დანახული ის მთავარი საფრთხეები, რომლებიც საქართველოში 2021 წლის არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში გამოვლინდა. კვლევა, საფრთხეებთან ერთად, გამოკვეთა ის კონკრეტული გზები, რომლითაც შესაძლებელია მედიაგარემოს გაუმჯობესება". – წერია კვლევის ანალიზში. 

კითხვაზე, როგორ შეიცვალა მედიაგარემო საქართველოში 2021 წელს, 2020-თან შედარებით, 56% პასუხობს, რომ გარემო რადიკალურად შეიცვალა. 

კითხვაზე, რამდენად დაცულია პროფესიული საქმიანობისას მედიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება, 43% ამბობს, რომ პროფესიული საქამიანობისას მედიაში დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება დაცული არაა. გამოკითხულთა მხოლოდ 8.2% პასუხობს, რომ უსაფრთხოება "ძალიან, ან მეტწილად დაცულია". 

კვლევის დასკვნის მიხედვით, საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მედიის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერება და მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.

"კვლევამ დაადასტურა, რომ მედიაგარემოში არსებული გამოწვევები განსაკუთრებით აქტიურდება წინასაარჩევნო პერიოდში. კვლევამ გამოავლინა ის მაკრო და მიკრო მედიასაფრთხეები, რომლებიც ციფრულ და ფიზიკურ მედიაგარემოში აქტიურდება არჩევნებამდე და მის შემდეგ. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს არსებულ მედიაგარემოზე დაკვირვება წარმოებდა მედიის წარმომადგენლების თვალით დანახულ რეალობაზე დაყრდნობით და გამოიკვეთა, რომ წინა წლებთან შედარებით, მედიაგარემო უარესობისკენ შეიცვალა. კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მედიაგარემოზე და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე მეტწილად ნეგატიურად მოქმედებს პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიზისები, ხოლო პოლიტიკური გარემოს ცვლილება შეიძლება, პოზიტიურად აისახოს მედიაგარემოზე. აქვე გამოიკვეთა ისიც, რომ თავის მხრივ, მედიასაც შეუძლია პოლარიზაციის ეფექტების შემცირება ან გაძლიერება.

კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მედიასაფრთხეები აძლიერებს თვითცენზურას და შიშს, ამცირებს მედიის სანდოობას და ასუსტებს მედიაინსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობას. კვლევამ გამოკვეთა პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებითი ეფექტი – კრიტიკულ მედიასთან ბრძოლის ახალი ტაქტიკა: "გამოიყენე მედია ჟურნალისტის წინააღმდეგ", რომელიც იწვევს თავად მედიასაშუალებებში პოლარიზაციას, ჟურნალისტების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზებას და მედიის ველზე ამ მაკროსაფრთხის გადმოტანას. 

ამ კუთხით, პოლარიზაცია საქართველოში არის სოლიდარობის ხელისშემშლელი ფაქტორი. ამასთან, პოლარიზაციას აქვს ე.წ დემონიზაციის ეფექტიც, რომელიც ვლინდება პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების სტიგმატიზაციაში, პარტიული იარლიყების მიკერებასა და დისკრედიტაციის მცდელობებში, რაც საბოლოო ჯამში, მედიას აზიანებს.

კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალა იყენებს ყველა იმ კომპონენტსა და მექანიზმს, რომელიც ქმნის და აძლიერებს ჟურნალისტების თვითცენზურას. ეს მექანიზმებია: შიში, დანაშაულის დაუსჯელობა, დაცინვა, დისკრედიტაცია, დაუცველობა, დეზინფორმაციის გავრცელება და სხვა. ჟურნალისტების თვითცენზურის გაძლიერება ქმნის ცენზურის უხილავ ველს რედაქციებში, როცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჟურნალისტი თავს არიდებს კონკრეტული თემების, წყაროების, ან ფაქტების გაშუქებას. კრიტიკულ კითხვებს კი ანაცვლებს სიჩუმე. 

კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებული სისტემური, დაგეგმილი ნეგატიური კამპანიები ხშირ შემთხვევაში მუშაობს ისე, რომ საფრთხეები უხილავი, "რბილი ძალის" მქონე ან კარგად შეფუთულია. ამის შედეგად, მათზე რეაგირება დაგვიანებულია ან არაეფექტური. ამგვარი მედიასაფრთხეები ვლინდება როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ მდგომარეობაში. 

იმისდა მიუხედავად, რომ ამ საფრთხეების კრიზისულ პერიოდში აქტივაციისას, მედიისა და საზოგადოების რეაგირება მყისიერია, გრძელვადიან პერსპექტივაში მათ გასანეიტრალებლად მსგავსი ფრაგმენტული მხარდაჭერა და სოლიდარობა არასაკმარისია. 

გამოიკვეთა, რომ სისტემატური სოლიდარობის აქციები და მხარდამჭერი აქტივობები ამ პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა, აუდიტორიასთან პირისპირ კომუნიკაცია და კრიტიკული მედიის როლსა და მნიშვნელობაზე საუბარი – მედიაგარემოს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი მექანიზმებია. 

საყურადღებოა, რომ საქართველოში მედიაში დასაქმებულები მთავარ საფრთხედ ანტიდასავლურად განწყობილ ჯგუფებს მიიჩნევენ და საქართველოშ შექმნილი საგანგაშო მედიაგარემო მათ რუსეთსა და ბელორუსიაში ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებას ახსენებს. 

ზემოთ ხსენებული ტაქტიკა და სისტემური მიდგომები (მათ შორის, საფრთხეების მიმართ დესენსიტიზაცია და უმოქმედობა) ასევე შესაძლოა მივიჩნიოთ რუსული პროპაგანდის ავთვისებიანი ბუნების მავნე ეფექტად. სწორედ ამიტომ, ამ საკითხის ასეთ ჭრილში კვლევა სამომავლო პერსპექტივად გვესახება.

კვლევამ დაადასტურა, რომ ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ ჟურნალისტები თავს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, დემოკრატიის ხარისხის ერთერთი კომპონენტია. გარდამავალი დემოკრატიის პირობებში კი სანდო და სიცოცხლისუნარიანი მედია რჩება დემოკრატიის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს წყაროდ". – წერია კვლევის დასკვნაში. 

კომენტარები