კაპიტოლიუმზე შტურმი

"კაპიტოლიუმის ვიკინგს" კონგრესზე შტურმისთვის 3 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა

ჯეიკობ ჩენსლის, რომელიც "კაპიტოლიუმის ვიკინგის" და "QAnon-ის შამანის" სახელით არის ცნობილი, ფედერალურმა მოსამართლემ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეობისთვის 3 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ჩენსლი 30 ადამიანს შორის იყო, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმში პირველები შეიჭრნან. მისი ფოტოები ინტერნეტში უჩვეულო ჩაცმულობის გამო გავრცელდა. როგორც CNN წერს, ბრალდების მხარემ ჩენსლის "ბარბაროსული ბრბოს სიმბოლო" უწოდოდა და მისთვის 4 წლითა და სამი თვით პატიმრობას ითხოვდა. დაცვის მხარე ითხოვდა, ჩენსლისთვის პატიმრობის იმ ვადის მისჯა, რომელიც მან უკვე მოიხადა. ჯეიკობ ჩენსლი იანვარში დააკავეს. მან ბრალი აღიარა.

ჯეიკომ ჩენსლიმ პატიმრობის იგივე ვადა შეეფარდა, რაც კაპიტოლიუმზე შტურმის კიდევ ერთ მონაწილეს, სკოტ ფეირლემბს. მას პატიმრობა გასულ კვირას პოლიციელზე ძალადობისთვის მიუსაჯეს. ჯერჯერობით კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეთა საქმეში ეს ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობის ვადებია.

პატიმრობის პერიოდში ჯეიკობ ჩენსლის გარდამავალი შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობის, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

კონგრესზე შტურმის სახედ ქცეული ჯეიკობ ენტონი ჩენსლი, ასევე ცნობილი, როგორც ჯეიკ ენჯელი, შეთქმულების თეორიის, QAnon-ის მიმდევარია. ჩენსლი არიზონის შტატიდანაა. 2019 წლის შემდეგ, ნახევრად შიშველი, ბეწვის ქუდით, რქებით და QAnon-ის პლაკატებით ის არიზონის შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან გამართულ არაერთ აქციაზე გამოჩენილა. მას ხშირად თან ჰქონდა პლაკატი წარწერით "Q-მ გამომგზავნა".

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რის შედეგად ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.

ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით 14 იანვარს დონალდ ტრამპს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა, თუმცა ტრამპის იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა. კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ სხვადასხვა სოციალურმა ქსელებმა მათ შორის Twitter-მა და Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს.

 

 

კომენტარები