მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია: ვხდებით მოწმე, რომ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია

"დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია". – ამბობს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ ჯერ კიდევ შაბათს იცოდა, რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლო პროცესზე.

"ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთას ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს და მას უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, რომ კანცელარიაში იყო და არ ვიცოდითო.

შაბათ დღეს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, შაბათს მათ უკვე იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ, სასამართლო პროცესზე არ მოიყვანდნენ. უნდა დავაფიქსიროთ, რომ სასამართლო სხდომა, ეს პროცესი არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. პირადად ბადრი კოჭლამაზაშვილი იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეყვანა პენიტენციურ სამსახურს, რომ მისი გადმოყვანა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუქმნიდა საფრთხეს, მანამდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი.

ჩვენ გვახსოვს 10 ნოემბერს შეეძლო ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს და ახლა უნდათ ეს ფორმალურ მიზეზად მოიტანონ. ყველას კარგად ესმის ამ ქვეყანაში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს ესმის, ვინც ამ პროცესებში ჩართულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირეbით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება". – ამბობს ბექა ბასილაია.

პენიტენციური სამსახურს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო სხდომაზე ისევ არ გადაჰყავს. უწყება ამჯერადაც იგივე მიზეზებს ასახელებს, რაც 10 ნოემბერს ჰქონდა და აცხადებს, რომ ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით იგეგმებოდა, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 46-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

კომენტარები