ჭყლეტა კონცერტზე

ტრევის სკოტის კონცერტზე დაშავებული 9 წლის მსმენელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Befunky

9 წლის ეზრა ბლაუნტი, რომელიც ტრევის სკოტის კონცერტზე დაშავდა, საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვლა. ინფორმაციას ქალაქ ჰიუსტონის მერი სილვესტერ ტერნერი ავრცელებს.

დალასელი ეზრა ბლაუნტი მეათე ადამიანია, რომელიც 6 ნოემბერს ფესტივალ Astroworld-ზე მომხდარ ჭყლეტას შეეწირა. ადგილზე დაიღუპა 8 და დაშავდა ასობით ადამიანი. რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში კიდევ ერთი მსმენელი, 22 წლის ბჰარტი შაჰანი გარდაიცვალა.

მეორე დღეს სკოტის, რეპერ დრეიკის, ასევე ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიას Live Nation და სტადიონ NRG-ის წინააღმდეგ ერთ-ერთმა დაშავებულმა, 23 წლის კრისტიან პარედესმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პარედესი ფიზიკური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს. დაზარალებულის თქმით მუსიკოსებმა "ბრბო წააქეზეს" და შემდეგ ისე დატოვეს სცენა, რომ დაშავებულებს დახმარება არ აღმოუჩინეს. თუმცა ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი სიმღერას წყვეტს და მსმენელებს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის გზის გათავისუფლებას ითხოვს.

ჰიუსტონი სახანძრო დეპარტამენტის უფროსის სამუელ პენას თქმით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 წუთზე დაიწყო. ორგანიზატორებმა კონცერტი შეაჩერეს, როცა ნათელი გახდა, რომ ჭყლეტაში ხალხი დაშავდა. თუმცა დაშავებულთა დიდი რაოდენობის მისაღებად სამედიცინო დახმარების არსებული პუნქტები საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ტრევის სკოტი სამართალდამცავებმა დაკითხეს. ჰიუსტონის პოლიციის უფროსის თქმით რეპერი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ამ ეტაპზე მას ბრალდება არ ემუქრება. 

"მომხდარით განადგურებული ვარ. ვლოცულობ ყველა გარდაცვლილის და დაშავებულის ოჯახის წევრებთან ერთად". – წერს სოციალურ ქსელში სკოტი.

NRG სტადიონი 200 000 ადამიანს იტევს, კონცერტს სულ 50 000 მსმენელი ესწრებოდა. ჭყლეტის ერთ-ერთ მიზეზად არაოფიციალური წყაროები ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლოდ გაყიდვასა და მოხმარებას ასახელებენ.

ორდღიანი ფესტივალის მეორე დღეს, შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

მომხდარ ტრაგედიას პატივი მიაგო ჰიპ-ჰოპ არტისტმა ქანიე ვესტმა. მუსიკოსი პერიოდულად ატარებს ღონისძიებას Sunday Service(კვირა დღის წირვა), რომელზეც საეკლესიო ქორო გალობს. 7 ნოემბერს ჩატარებული წირვა რეპერმა ასტროვორლდის კონცერტზე დაღუპულებსა და დაშავებულებს მიუძღვნა.

ჟაკ ბერმონ ვებსტერი იგივე ტრევის სკოტი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2012 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ქანიე ვესტის ლეიბლთან GOOD MUSIC. 2016 წელს გამოშვებული ალბომი Birds in the Trap Sing McKnight მუსიკალური ჩარტების პირველ ადგილზე მოხვდა. მიღებული აქვს გრემის 8 ნომინაცია და BET Awards-ის ერთი ჯილდო.

 

კომენტარები