ჭყლეტა კონცერტზე

ტრევის სკოტი ფესტივალზე დაღუპული მსმენელების დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს

BBC

ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ტრევის სკოტი Astroworld-ზე მომხდარი ჭყლეტისას დაღუპული მსმენელების დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს. ინფორმაციას რეპერის წარმომადგენელი და პროდიუსერი ავრცელებს.

6 ნოემბერს, აშშ-ში, ჰიუსტონში ტრევის სკოტის მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ ფესტივალზე Astroworld მომხდარ ჭყლეტას 14-დან 27 წლამდე 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა ასობით ადამიანი, 13 დაზარალებული ახლაც საავადმყოფოში იმყოფება.

მეორე დღეს სკოტის, რეპერ დრეიკის, ასევე ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიას Live Nation და სტადიონ NRG-ის წინააღმდეგ ერთ-ერთმა დაშავებულმა, 23 წლის კრისტიან პარედესმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პარედესი ფიზიკური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს. დაზარალებულის თქმით მუსიკოსებმა "ბრბო წააქეზეს" და შემდეგ ისე დატოვეს სცენა, რომ დაშავებულებს დახმარება არ აღმოუჩინეს.

ჰიუსტონი სახანძრო დეპარტამენტის უფროსის სამუელ პენას თქმით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 წუთზე დაიწყო. ორგანიზატორებმა კონცერტი შეაჩერეს, როცა ნათელი გახდა, რომ ჭყლეტაში ხალხი დაშავდა. თუმცა დაშავებულთა დიდი რაოდენობის მისაღებად სამედიცინო დახმარების არსებული პუნქტები საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ტრევის სკოტი სამართალდამცავებმა დაკითხეს. ჰიუსტონის პოლიციის უფროსის თქმით რეპერი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ამ ეტაპზე მას ბრალდება არ ემუქრება. 

"მომხდარით განადგურებული ვარ. ვლოცულობ ყველა გარდაცვლილის და დაშავებულის ოჯახის წევრებთან ერთად". – წერს სოციალურ ქსელში სკოტი.

NRG სტადიონი 200 000 ადამიანს იტევს, კონცერტს სულ 50 000 მსმენელი ესწრებოდა. ჭყლეტის ერთ-ერთ მიზეზად არაოფიციალური წყაროები ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლოდ გაყიდვასა და მოხმარებას ასახელებენ.

ორდღიანი ფესტივალის მეორე დღეს, შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

მომხდარ ტრაგედიას პატივი მიაგო ჰიპ-ჰოპ არტისტმა ქანიე ვესტმა. მუსიკოსი პერიოდულად ატარებს ღონისძიებას Sunday Service(კვირა დღის წირვა), რომელზეც საეკლესიო ქორო გალობს. 7 ნოემბერს ჩატარებული წირვა რეპერმა ასტროვორლდის კონცერტზე დაღუპულებსა და დაშავებულებს მიუძღვნა.

ჟაკ ბერმონ ვებსტერი იგივე ტრევის სკოტი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2012 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ქანიე ვესტის ლეიბლთან GOOD MUSIC. 2016 წელს გამოშვებული ალბომი Birds in the Trap Sing McKnight მუსიკალური ჩარტების პირველ ადგილზე მოხვდა. მიღებული აქვს გრემის 8 ნომინაცია და BET Awards-ის ერთი ჯილდო.

კომენტარები