ჭყლეტა კონცერტზე

კონცერტზე ჭყლეტისას დაშავებული მსმენელი ტრევის სკოტს და დრეიკს სასამართლოში უჩივის

Pitchfork

6 ნოემბერს, აშშ-ში, ჰიუსტონში ტრევის სკოტის მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ ფესტივალზე Astroworld მომხდარ ჭყლეტას 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა ასობით ადამიანი.

ერთ-ერთი დაზარალებული, 23 წლის კრისტიან პარედესი ფესტივალის მონაწილე არტისტებს ტრევის სკოტსა და დრეიკს, ასევე ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიას Live Nation და სტადიონ NRG-ის უჩივის. პარედესი ფიზიკური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს. დაზარალებულის თქმით მუსიკოსებმა "ბრბო წააქეზეს" და შემდეგ ისე დატოვეს სცენა, რომ დაშავებულებს დახმარება არ აღმოუჩინეს.

ჰიუსტონის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის სამუელ პენას თქმით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 წუთზე დაიწყო. ორგანიზატორებმა კონცერტი შეაჩერეს, როცა ნათელი გახდა, რომ ჭყლეტაში ხალხი დაშავდა. თუმცა დაშავებულთა დიდი რაოდენობის მისაღებად სამედიცინო დახმარების არსებული პუნქტები საკმარისი არ აღმოჩნდა. 

NRG სტადიონი 200 000 ადამიანს იტევს, კონცერტს სულ 50 000 მსმენელი ესწრებოდა. ჭყლეტის ერთ-ერთ მიზეზად არაოფიციალური წყაროები ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლოდ გაყიდვასა და მოხმარებას ასახელებენ.

ორდღიანი ფესტივალის მეორე დღეს, შაბათს დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

ჟაკ ბერმონ ვებსტერი იგივე ტრევის სკოტი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2012 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ქანიე ვესტის ლეიბლთან GOOD MUSIC. 2016 წელს გამოშვებული ალბომი Birds in the Trap Sing McKnight მუსიკალური ჩარტების პირველ ადგილზე მოხვდა. მიღებული აქვს გრემის 8 ნომინაცია და BET Awards-ის ერთი ჯილდო.

ობრი დრეიკ გრეჰემი იგივე დრეიკი კანადელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი და მსახიობია. ხანმოკლე სამსახიობო კარიერის შემდეგ, 2010 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Thank Me Later, რომელიც 1.8 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და პლატინის სტატუსი მიიღო. მიღებული აქვს გრემის 4 ჯილდო და 47 ნომინაცია, არის 15 გზის BET Awards-ის გამარჯვებული და  BAFTA-ს ნომინანტი.

 

კომენტარები