პოლიტიკური პოლარიზაცია

პოლიტიკური პოლარიზაცია – ქართული დემოკრატიის წყევლა და შანსი

პოლიტიკური პოლარიზაცია

პოლიტიკური პოლარიზაცია – ქართული დემოკრატიის წყევლა და შანსი

"ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ პარტიას, ქვეყანას და ხალხს ვულოცავ. დღევანდელი გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, სრულიად საქართველოს და ჩვენს ძვირფას საზოგადოებასმინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს. მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში".

პრემიერმინისტრმა ეს განცხადება 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გააკეთა. დავეჭვდი, ესმოდა თუ არა პოლიტიკური პოლარიზაციის მნიშვნელობა, რამდენადაც პირველი ტურის შედეგებმა არა თუ დასრულებული, არამედ მზარდი პოლარიზაციის სურათი გვიჩვენა.  ზოგადად, პოლიტიკური პოლარიზაციის არსისა და ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე მისი გავლენის ანალიზი მნიშვნელოვანი საკითხია და გვეხმარება მიმდინარე პროცესის უკეთ აღქმაში. ბოლო დროს პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ტერმინად დამკვიდრდა. პოლარიზაციაზე თითქოს თანაბრად წუხს ოპოზიცია და ხელისუფლება, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ელჩები. ადგილობრივ რეტორიკაში აშკარაა, რომ პოლარიზაცია ნეგატიური დატვირთვის მატარებელია და ხშირად მიემართება ყველაფერს, რაც ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მოგვწონს – დაყოფილობა, დაპირისპირება, ურთიერთლანძღვა. თუმცა, პოლიტიკურ მეცნიერებაში მას შედარებით კონკრეტული მნიშვნელობა და მახასიათებლები აქვს.

პოლარიზაციის პირობებში საზოგადოებაში არსებობს რადიკალური განხეთქილება, რომელიც გამოიხატება ძირითადად ორი მტრული ბანაკის არსებობაში და იძლევა “ჩვენ” vs. “ისინი” დაპირისპირებას (McCoy, Rahman, and Somer (2018)). საქართველოში პოლარიზაციაზე საუბრისას, ხშირად ორი დიდი პარტიის დომინაციის პრობლემას გულისხმობენ, თუმცა, პოლარიზაციის არსი მდგომარეობს არა იმდენად ორი პარტიის დომინაციაში, არამედ იმ მანძილისა და უფსკრულის სიდიდეში, რომლითაც დაპირისპირებული ბანაკები ერთმანეთისგან არიან დაშორებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიტიკა პოლარიზებულია, როდესაც ამ ბანაკების შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია, არ არსებობს თანხმობის წერტილები ან თანამშრომლობის რესურსი საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე ოლიტიკა არის ნულოვანი ჯამის თამაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული წუხილი მზარდ პოლარიზაციაზე უკავშირდება არა ორპარტიულობას, რომელიც ამ სისტემის დემოკრატიულობისათვის ისედაც დამახასიათებელია, არამედ სწორედ, აღწერილ ტენდენციას.

ზოგადად, დასავლეთში პოპულისტური მოძრაობების აღმოცენებისა და დემოკრატიის კრიზისის ფონზე, აქტუალურია წუხილი პოლიტიკურ პოლარიზაციაზე. ამიტომაც საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერი პარტნიორები ყოველთვის ხაზგასმით მიუთითებენ პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობაზე. ეს წუხილი ეფუძნება დაშვებას, რომ პოლარიზაციის ერთ-ერთი ნეგატიური შედეგი დემოკრატიის კოლაფსი/ეროზიაა, რაც ბუნებრივად გამომდინარეობს დემოკრატიის შიდა ლოგიკისგან.

დემოკრატიის ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული კონფლიქტების თავის თავში დატევა და მათთვის იმგვარი ინსტიტუციური კალაპოტების შექმნა, რომელიც ერთი მხრივ დააბალანსებს განსხვავებულ ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ არ შეაფერხებს გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების პროცესს. პრიმიტიულად რომ ვთქვათ, დემოკრატიაში შესაძლებელი უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება, რომელსაც მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, თუმცა ეს გადაწყვეტილებები ლეგიტიმური და ასატანი უნდა იყოს მოწინააღმდეგეებისთვისაც, რამდენადაც მათ გააჩნიათ გარკვეული ინსტიტუციური, დემოკრატიული მექანიზმები ამ გადაწყვეტილებების შესაცვლელად.

კონფლიქტის ამ კალაპოტში დატოვება აუცილებლად გულისხმობს სამართლიან თამაშის წესებსა და  ურთიერთაღიარებაზე შეთანხმებას, გარკვეული ტიპის თანამშრომლობასაც კი. თუ პოლიტიკური დაპირისპირება მტრობაში გადაიზრდება, მხარეები არ აღიარებენ ერთმანეთის ლეგიტიმაციას და არ აქვთ არანაირი გამაერთიანებელი საკითხები თუ ღირებულებები რისთვისაც ამ “მდინარეში” ერთად ყოფნა ღირს, დემოკრატიის ეფექტური ფუნქციონირება რთულდება, ხოლო კონფლიქტი მაღალი ალბათობით გადმოდის კალაპოტიდან.

პოლარიზაციის ქართული კონტექსტი

საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია არ გადის ე.წ. ენდემურ სოციალურ განსხვავებებზე როგორიც მაგალითად არის ეთნოსი, რელიგია ან გეოგრაფია. არც კლასიკურ მემარცხენე-მემარჯვენე იდეოლოგიურ დაყოფაზე. რასაკვირველია, მას აქვს გარკვეუული ისტორიული და სოციალური სტრუქტურული განმსაზღვრელები, თუმცა ამ შემთხვევაში განხეთქილება ძირითადად წარმოებს ქვეყნის განვითარების განსხვავებულ ხედვაზე, წარსულის შეფასებას, ნარატივებისა და იდენტობის წინააღმდეგობრივ აღქმებზე. შედეგად ყალიბდება ორი ბანაკი - ისინი ვისაც ძალიან უნდა status quo-ს შენარჩუნება და ისინი ვისაც ძალიან სურს ცვლილება. ამ შემთხვევაში, პოლუსის მეორე მხარეს არ მივიჩნევ მხოლოდ ერთ პარტიას, რადგან ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური აქტორი და ამომრჩეველი თითქმის ისეთივე შორი, დიდი მანძილით არის დაშორებული სახელსუფლებო პოლუსისგან. პოლარიზაციის დასრულებისაკენ თანაბრად მოუწოდებენ როგორც სახელისუფლებო ასევე ოპოზიციურ პარტიებს. როგორც ეს, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. თანაბრად მიუთითებენ ორივე მხარის პასუხისმგებლობასა და დანაშაულზე. ერთი შეხედვით, ეს ბუნებრივია, თუმცა თუ ზედაპირულ მსჯელობას ცოტათი მაინც გავცდებით, ქართული პოლარიზაციის ანატომიას უკეთ დავინახავთ.

ამ რეალობის შექმნას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ხელი შეუწყო მმართველმა პარტიამ. მისთვის როგორც არალიბერალური, პოპულისტური ძალისთვის (რის შინაარსზეც სხვა წერილში მისაუბრია) ჰაერივით აუცილებელია პოლარიზაცია. უნდა შეიქმნას “ჩვენ” vs. ისინი დაპირისპირება, რომელშიც მხოლოდ ის ერთადერთი არის ხალხის წარმომადგენელი, ხოლო ყველა დანარჩენი “ხალხის მტერი”, რომელთან ბრძოლასაც ნაწილ-ნაწილ, გამართლებულად შეიძლება შეეწიროს დემოკრატიის საყრდენი სვეტები. ამიტომაც საქართველოში ამჟამად არსებული პოლარიზაციის ევოლუციას თუ დავაკვირდებით ყოველ ეტაპზე, პოლიტიკურ კლასს ხელისუფლებამ თავად უბიძგა უკიდურეს ოპოზიციურ პოლუსზე მოეყარა თავი.

“ქართული ოცნების” მმართველობის საწყის ეტაპზე ოპოზიცია უთანხმოებისა და ფრაგმენტაციისკენ იყო მიდრეკილი. რამდენიმე ნაწილად გაიყო ნაციონალური მოძრაობა და ასევე წარმოიშვა ახალი პარტიები, რომლებიც მკაცრად ემიჯნებოდნენ ერთმანეთს. პოლარიზაციის ხარისხი კი განსაკუთრებით გაიზარდა ჯერ საარჩევნო სისტემის რეფორმის გადადებით, რომელიც კვლავ ნახევრად-მაჟორიტარიანული მოდელის პირობებში ზღუდავდა პარტიათა მრავალფეროვნების წარმოდგენას პარლამენტში, ხოლო შემდგომში პროპორციული საარჩევნო სისტემის უტიფარი ჩაგდებით. შედეგად, საკმაოდ ურთიერთდაპირისპირებულ ოპოზიციას, რომელიც სრულადპროპორციულ სისტემაში ერთმანეთთან კონკურენციისათვის ემზადებოდა, საერთო ძალებით მოუხდა ხანგრძლივ მოლაპარაკებებში ჩართვა და შემდგომში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება. პოლიტიკურმა მართლმსაჯულებამ, რომელიც ოპოზიციური ლიდერების დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა, მათ შორის, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ კიდევ უფრო გაზარდა სოლიდარობა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და კვლავ ახალ მოლაპარაკებებსა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი კოორდინაციის საჭიროებას დაუდო სათავე. ოპოზიციისათვის ეგზისტენციური გახდა თამაშის სამართლიანი ბაზისური წესების მოპოვება ძალაუფლებასთან დაპირისპირების პროცესში. შედეგად, ის ბუნებრივად გახდა ურთიერთსოლიდარული და კიდევ უფრო რადიკალურად დაპირისპირებული მმართველ ძალასთან.

ამის პარალელურად კრიტიკული მედიის იგნორირების, ხოლო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან ოპოზიციისათვის ეთერის არდათმობის პრაქტიკამ გამოიწვია დაპირისპირებული მხარეების სრული გაუცხოვება და შექმნა პოლარიზებული ალტერნატიული რეალობები, რომელთა შორის არ არსებობს დიალოგი, არ არსებობს თანხმობა ბაზისურ ობიექტურ ფაქტებზეც კი. ამით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს ოპოზიციურ ამომრჩეველთან საუბარი და არც ოპოზიცია შეიძლება ესაუბროს მის ამომრჩეველს. პოლარიზებული მედიის გავლენა სარკისებურად აისახება მოსახლეობაზე. ამიტომაც გასაგებია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოლარიზაციის დასრულებაში მედიას სთხოვა დახმარება. ამის მიუხედავად, ეს თხოვნა უშინაარსოა. 5 ივლისს, როდესაც ხელისუფლებამ ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა დაუშვა და გაამართლა, ის თავისთავად იქცა კრიტიკული მედიის ეგზისტენციურ საფრთხედაც. ამის თავისთავადი შედეგი არის უსამართლობისა და დაუცველობის შეგრძნებით მოცული მედიის რადიკალიზაცია.

ვის ხელშია პოლარიზაციის გასაღები?

პოლარიზაციას ცალმხრივად ვერ დაასრულებს ოპოზიცია, ვერც კრიტიკული მედია და ვერც საპროტესტო ამომრჩეველი, რადგან ისინი იბრძვიან პოლიტიკური არსებობისთვის, ლეგიტიმაციის აღიარებისათვის. სახელმწიფოს მიტაცების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, პოლიტიკური დევნის პირობებში უკიდურესი პოლარიზაცია გამოხატავს ერთგვარ რეზისტენტულობას რეპრესიისადმი - ეს ბუნებრივი რეაქციაა აღიარების და ხილვადობის მოსაპოვებლად. რამდენმა ამომრჩეველმაც არ უნდა მისცეს ხმა ოპოზიციას (რაც მანიპულირებული შედეგებითაც კი აღემატება მმართველი პარტიის საარჩევნო შედეგს), რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს მანიფესტაციაზე, ხელისუფლება მათ არ აღიარებს. არ აღიარებს, რომ არსებობს ლეგიტიმური ამომრჩეველი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური წუხილები და არსებობს ოპოზიცია, რომელსაც აქვს უფლება  წარმოადგენდეს მას. ხელისუფლება საუბრობს ოპოზიციის დასრულებასა და განადგურებაზე და უგულებელყოფს მათ უკან მდგომი ამომრჩევლის ინტერესებს.

“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მერი იყოს ოპოზიციონერი?” - პრემიერ-მინისტრის ეს კითხვა  ნათლად გამოხატავს ქართული ოცნების არადემოკრატიულ ბუნებას. რატომ უნდა მიგაჩნდეს დაუშვებლად და წარმოუდგენლად რომელიმე მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ დონეზე ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადაში?! იმიტომ, რომ ეს მართლაც, დაუშვებელია! ეს ზედმეტად ხილულს გახდის ოპოზიურ ამომრჩეველს, ლეგიტიმაციას მიანიჭებს მტრად შერაცხულ კანდიდატს,  ხოლო დემოკრატიული ცვლილების ბაცილა ბზარს შეიტანს კონსოლიდირებულ ძალაუფლებაში. ქართულ ოცნებას არ შეუძლია დაუშვას დემოკრატია, რადგან დემოკრატია თავისი შინაარსით ნიშნავს ხელისუფლების ოპოზიციით ჩანაცვლების ციკლს. არა იმ ოპოზიციის, რომელიც ხელისუფლებას მოსწონს ან რომელსაც ის შეარჩევს, არამედ იმ ოპოზიციის მიერ, რომელსაც ხმას აძლევენ ცვლილების მსურველი მოქალაქეები.

ამ საარჩევნო ავტორიტარიზმში ერთადერთი რისი დაშვებაც შესაძლებელია - იმიტირებული დემოკრატიაა. ტელეკომპანია იმედზე ერთ-ერთი სტუმრობისას ხელისუფლებასთან აფილირებულმა ფილოსოფოსმა და გარკვეული გაგებით, ქართული ოცნების ერთ-ერთმა იდეოლოგმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა:  მსოფლიო გადავიდა დემოკრატიის მესამე ფაზაში. ეს არის იმიტაციური დემოკრატია, როდესაც ოპოზიცია უბრალოდ აუცილებელია, როგორც თამაშის წესი. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება რეალურს ბევრს არაფერს ამბობს მსოფლიოზე, ის ნამდვილად გამოხატავს “ქართული ოცნების” პოლიტიკური პროექტის არსს, რომელშიც ოპოზიცია მხოლოდ აუცილებელი დემოკრატიული დეკორაციაა, ისევე როგორც სასამართლო, პრეზიდენტი თუ სხვა შინაარსისგან დაცლილი ინსტიტუტები. ოპოზიციასთან შესაძლებელია დემოკრატიობანას თამაში თემატურ საკითხებზეც კი მხოლოდ იმ დონემდე, რა დონემდეც ის არ ემუქრება ძალაუფლებას. ამ პირობებში ნებისმიერი მოწოდება ოპოზიციისადმი - სტაბილურობისა და ქვეყნის კეთილდღეობის სახელით შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია, ითამაშოს იმიტაციური როლი ხელისუფლებისათვის არსებული დისკომფორტის შექმნის გარეშე, უშინაარსოა. ეს კვანძი მხოლოდ ბოლოდან იხსნება და გამოიხატება ხელისუფლების მზადყოფნაში გონივრულ ვადებში წავიდეს ხელისუფლებიდან.   მაღალი ხარისხის პოლარიზაციას რამდენიმე ტიპის შესაძლო შედეგი აქვს - დემოკრატიის ეროზია, კოლაფსი ან შემდგომი დემოკრატიზაცია.

პოლარიზაცია, როგორც დემოკრატიზაციის შესაძლებლობა

პოლიტიკურ პოლარიზაციას დამაზიანებელ, რისკებთან ერთად, შეიძლება ჰქონდეს დადებითი ეფექტები ინსტიტუტციური მშენებლობისა და დემოკრატიზაციისთვის. განსაკუთრებით, ეს ეხება განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებს, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ისედაც მყიფეა და დემოკრატიის ფუნქციონირებას პოლარიზაციის გარეშეც დიდი პრობლემები აქვს - შესაბამისად, დასაკარგიც ბევრი არაფერია. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს კონფლიქტის ძალადობრივი ესკალაციის წინაპირობები და პოლიტიკური განხეთქილების ორივე მხარეს-შედარებით თანასწორი ძალთა ბალანსი იყოს. მაგალითისთვის, ლიტერატურაში განხილულია სუბსაჰარულ აფრიკის - ბურკინა-ფასოს ან განას შემთხვევები, სადაც სწორედ ძლიერი ალტერნატიული პოლუსების არსებობამ  შებოჭა ძალაუფლების თავგასულობა და შემდგომ დემოკრატიზაციას დაუდო სათავე. თავად საქართველოს 2012 წლის არჩევნები შეიძლება მივიჩნიოთ მაღალი პოლარიზაციის ფონზე მიღწეულ დემოკრატიზაციის ეტაპად. დღესაც საქართველოში პოლარიზაცია არ გადის ჯგუფის იდენტობასთან დაკავშირებულ განხეთქილებაზე, ის უკავშირდება დემოკრატიული ცვლილების მოთხოვნას. ამიტომაც პოლარიზაცია ერთი მხრივ ნამდვილად არის ქართული პოლიტიკური სისტემის წყევლა, თუმცა მეორე მხრივ, ის გავს იმუნურ პასუხით გამოწვეულ სიმპტომს,  რომელსაც დაავადებული დემოკრატია იძლევა მისი დამცველების რეზისტენტულობის ხარჯზე.

ამ მომენტისათვის დემოკრატიული კალაპოტი კონფლიქტს ვერ იტევს. ჩატარებული არჩევნები და ჩაგდებული ინსტიტუციური რეფორმები აჩვენებს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ძალაუფლების განაწილებისა და ინსტიტუციური სტანდარტების გაზრდის ხარჯზე კონფლიქტის სტაბილიზაციას. პოლარიზაციის დამაზიანებელი რისკები შემაშფოთებლად მაღალია. ამიტომ საპროტესტო პოლუსს რთული დავალება აქვს - ის ერთი მხრივ უნდა იყოს რაც შეიძლება მძლავრი რათა გაზარდოს დემოკრატიზაციის ალბათობა, ხოლო მეორე მხრივ ფრთხილი, რათა თავიდან აიცილოს დემოკრატიის კოლაფსი.

ტექსტის დასასრულს, უფრო გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ შფოთავს ხელისუფლება პოლარიზაციაზე, გამუდმებით და რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი პოლარიზაციის დასრულებაში. ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა თქვა - მეორე პოლუსი ცოტა ხნით გავაჩუმეო. ვერ გაჩუმდება - ასეთია დემოკრატიის კანონზომიერება, მათ შორის, იმიტაციურისაც კი.

კომენტარები